ხუთ, 17 სექ, 2026
ახალი ინტერაქტიული ქვიზები დაემატა საიტს — შეამოწმე შენი ცოდნა. ნახვა →
ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება

20 დოლარად Google Home-ს ახლა უკვე Claude-იც მართავს

Google Home-ს მესამე მხარის AI აგენტებისთვის კარის გაღება შეუძლია. 16 სექტემბრიდან Google Home-ის MCP სერვერი ადრეულ წვდომაში გაეშვა და თავსებად აგენტებს სახლის...

Google Home-ს მესამე მხარის AI აგენტებისთვის კარის გაღება შეუძლია. 16 სექტემბრიდან Google Home-ის MCP სერვერი ადრეულ წვდომაში გაეშვა და თავსებად აგენტებს სახლის მოწყობილობებთან, მათ ისტორიასა და კამერების ჩანაწერებთან მუშაობის შესაძლებლობას აძლევს.

Model Context Protocol-ის, ანუ MCP-ის, საშუალებით მომხმარებელს შეუძლია Google Home-სთან დაკავშირებულ მოწყობილობებს ბუნებრივი ენით მისცეს დავალებები. მხარდაჭერილ აგენტებს შორის არიან Claude, Hermes, OpenClaw, Google Antigravity და სხვა MCP-თან თავსებადი სისტემები, მათ შორის ChatGPT.

ეს მხოლოდ ნათურის ჩართვასა და თერმოსტატის ტემპერატურის შეცვლას არ ეხება. აგენტს შეუძლია კამერების ისტორიის გაანალიზება, სხვადასხვა კამერიდან მიღებული ჩანაწერების ერთმანეთთან დაკავშირება და სახლის აქტივობის შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემა. მაგალითად, მომხმარებელს შეუძლია სთხოვოს, გაარკვიოს, რა მოხდა სახლში ოჯახის წევრების დაბრუნების შემდეგ.

აგენტებს ასევე შეუძლიათ Google Home-ის მოწყობილობების მდგომარეობის ისტორიის გამოყენება. შესაბამისად, შესაძლებელი ხდება ისეთი კითხვების დასმაც, როგორიცაა, რამდენჯერ ჩაირთო სარეცხი მანქანა კვირის განმავლობაში ან რამდენ ხანს დარჩა განათება ჩართული. სისტემას შეუძლია მომხმარებლისთვის მორგებული ჭკვიანი სახლის საინფორმაციო დაფის შექმნაც.

კიდევ ერთი საინტერესო შესაძლებლობაა Google Home-ის დინამიკების გამოყენება აგენტის მიერ. თუ AI გარკვეულ დავალებას ფონურად ასრულებს, დასრულების შემდეგ მას შეუძლია მომხმარებელს აუდიოშეტყობინება სახლის დინამიკით გადასცეს.

მხარდაჭერილია Google Home-ის ეკოსისტემაში არსებული მოწყობილობები, მათ შორის Nest-ის კამერები და კარის ზარები, Nest-ის თერმოსტატები, ასევე Matter და Works with Google Home მოწყობილობები, მაგალითად, ჭკვიანი ნათურები.

მნიშვნელოვანია, რომ Home MCP Gemini for Home-ს არ ანაცვლებს. Google-ის საკუთარი ასისტენტი კვლავ ხელმისაწვდომია Nest-ის დინამიკებსა და Google Home-ის აპში, ხოლო MCP დამატებით ფენად მუშაობს და მესამე მხარის აგენტებს Google Home-ის ინფრასტრუქტურასთან წვდომას აძლევს.

დასაწყებად მომხმარებელმა Google Cloud-ის პროექტი უნდა შექმნას და Home MCP დააკონფიგურიროს. შემდეგ MCP-ის კონფიგურაცია არჩეულ აგენტს უნდა მიაწოდოს, რის შემდეგაც აგენტი ავტორიზაციასა და საჭირო ნებართვებს მოითხოვს. Google-ის შესაბამისი ინსტრუქცია Home Developer Center-შიც არის ხელმისაწვდომი.

ამ ეტაპზე Home MCP მხოლოდ აშშ-ში Google Home Premium Advanced-ის გამომწერებისთვის, ინგლისურ ენაზე, ეტაპობრივად ვრცელდება. გამოწერა თვეში 20 დოლარი ან წელიწადში 200 დოლარი ღირს. Google-ის განცხადებით, ფუნქცია უახლოესი კვირების განმავლობაში უფრო მეტ მომხმარებელს მიეწოდება, თუმცა სხვა ტარიფებსა და ბაზრებზე გაფართოების კონკრეტული ვადები ჯერ უცნობია.

Google უსაფრთხოებისთვის გარკვეულ შეზღუდვებსაც აწესებს. სისტემაში მოქმედებს მოთხოვნების სიხშირის ლიმიტები და ზოგიერთი მგრძნობიარე მოქმედება, მაგალითად, კარის გაღება, აგენტებისთვის აკრძალულია. კომპანია ასევე აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ მესამე მხარის აგენტთან Home MCP-ის დაკავშირებამ შესაძლოა არასასურველი ქცევა გამოიწვიოს, ამიტომ მათ შესაბამისი დეველოპერული წესებისა და პირობების გადახედვას ურჩევს.

Google-ის ნაბიჯი ჭკვიანი სახლის განვითარების მიმართულებასაც ცვლის: AI-ს უკვე მხოლოდ ხმოვანი ბრძანებების მიმღებად კი არა, სახლის მონაცემებსა და მოწყობილობებთან მომუშავე აგენტად განიხილავენ. ამ შემთხვევაში Google ცდილობს, თავად ასისტენტის გარდა, იმ ინფრასტრუქტურის ფენადაც იქცეს, რომელზეც სხვადასხვა AI აგენტი შეძლებს მუშაობას.

წყარო: TechCrunch – AI agents control Google Home, The Verge – Google Home MCP for third-party agents, 9to5Google – Home MCP details