ოთხ, 16 სექ, 2026
ახალი ინტერაქტიული ქვიზები დაემატა საიტს — შეამოწმე შენი ცოდნა. ნახვა →
აპარატურული უზრუნველყოფა

1 ტრილიონი პარამეტრი ლოკალურად: AMD-მ პერსონალური სუპერკომპიუტერი წარადგინა

1 ტრილიონზე მეტი პარამეტრი და ნულოვანი დამოკიდებულება ღრუბლოვან სერვისებზე. IFA 2026-ის პრეზენტაციაზე AMD-მ ოფიციალურად აჩვენა ახალი თაობის სამუშაო სადგური, სახელწოდებით Threadripper Halo...

1 ტრილიონზე მეტი პარამეტრი და ნულოვანი დამოკიდებულება ღრუბლოვან სერვისებზე. IFA 2026-ის პრეზენტაციაზე AMD-მ ოფიციალურად აჩვენა ახალი თაობის სამუშაო სადგური, სახელწოდებით Threadripper Halo Station. მანქანა პირდაპირ იმ დეველოპერებსა და სტუდიებზეა გათვლილი, ვისაც გიგანტური ხელოვნური ინტელექტის მოდელების ლოკალურად, საკუთარ სამუშაო სივრცეში გაშვება სურს.

ამ მონსტრის გული 96-ბირთვიანი Ryzen Threadripper PRO 9995WX პროცესორია (Zen 5 არქიტექტურა, კოდური სახელწოდებით Shimada Peak). ჩიპს 192 ნაკადი აქვს, ტაქტური სიხშირე 5.4 GHz-მდე ადის და შეუძლია 2 TB-მდე DDR5 ოპერატიულ მეხსიერებასთან მუშაობა. თუმცა სისტემის მთავარი ძალა მხოლოდ ცენტრალურ პროცესორში არ იმალება.

Halo Station-ში AMD-მ პროცესორს ოთხამდე Instinct MI350P ამაჩქარებელი შეუხამა. თითოეულ ასეთ ამაჩქარებელს 144 GB HBM3E მეხსიერება აქვს, გამტარობა კი 4 TB/s-ს აღწევს, რაც AMD-ის თქმით, ნებისმიერ LPDDR5X ვარიანტზე დაახლოებით 14-ჯერ სწრაფია.

ბერლინში გამართულ დემონსტრაციაზე კომპანიამ ორბარათიანი კონფიგურაცია წარმოადგინა, ჯამში 288 GB HBM3E მეხსიერებით. თუმცა მაქსიმალური, ოთხბარათიანი ვერსია უკვე 576 GB მეხსიერებას აერთიანებს. AMD-ის განცხადებით, ეს მოცულობა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ტრილიონპარამეტრიანი AI მოდელი მთლიანად მოწყობილობის ლოკალურ მეხსიერებაში მოთავსდეს.

ბუნებრივია, ასეთ სიმძლავრეს შესაბამისი ენერგია და გაგრილება სჭირდება. თითოეული MI350P ბარათი 600 W-მდე ენერგიას მოიხმარს. ტემპერატურის გასაკონტროლებლად ინჟინრებმა თხევადი გაგრილება გამოიყენეს: ვიდეობარათები ინდივიდუალურად გრილდება თხევადი სისტემით, ხოლო Threadripper-ის პროცესორს საკუთარი, დამოუკიდებელი თხევადი გაგრილების კონტური ემსახურება.

AMD-ის გამოთვლითი და გრაფიკული მიმართულების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, Jack Huynh-მა, პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ ეს არის სამუშაო სადგურების სრულიად ახალი კატეგორია, რომლის მიზანიც ინდივიდუალურ მომხმარებლებსა და დეველოპერებამდე „supercomputer-class compute“ სიმძლავრის მიტანაა.

ჯერჯერობით უცნობია, რა ეღირება Halo Station ან როდის გამოჩნდება ის გაყიდვაში. AMD-ს არც შიდა მეხსიერების, ქსელური ინტერფეისებისა და კორპუსის სრული სპეციფიკაციები გაუმხელია. ასევე ღიად რჩება კითხვა, კომპიუტერი პირდაპირ მომხმარებლებზე გაიყიდება თუ მხოლოდ პარტნიორი სისტემური ინტეგრატორების მეშვეობით გავრცელდება.

წყარო: TechSpot