ბრიტანულმა კომპანიამ, Jensen International Automotive-მა, სექტემბრის დასაწყისში სრულიად ახალი Jensen Interceptor GTX ოფიციალურად წარმოადგინა. ეს არის „სუფთა ფურცლიდან“ შექმნილი Jensen-ის პირველი მოდელი, რომელიც ბრენდის ახალი ხაზის დასაწყისს აუწყებს საზოგადოებას. კაპოტის ქვეშ 960 bhp სიმძლავრის supercharged V8 ტიპის ძრავაა მოთავსებული, თუმცა სახელოსნოში ხუმრობენ, რომ მათი ამბიციური მიზანი 1 200 ცხენის ძალაც კი იყო. შედეგად მივიღეთ ნამდვილი grand tourer-ი, რომელიც ექსტრემალურ ძალასა და კლასიკურ ბრიტანულ ხასიათს აერთიანებს.
საინტერესოა, რომ ინჟინრებმა ნახშირბადის (კარბონის) ბოჭკოზე შეგნებულად თქვეს უარი და არჩევანი ალუმინის ძარაზე შეაჩერეს. Jensen International-ის მმართველმა დირექტორმა, დეივიდ დიურდენმა (David Duerden), პირდაპირ აღნიშნა, რომ მას არ სურდა, მანქანა „სკეიტბორდივით“ მოძრავიყო. გარდა ამისა, მცირე ტირაჟით წარმოების პირობებში, ალუმინის დამუშავება ფინანსურადაც გაცილებით გამართლებული აღმოჩნდა.
ავტომობილის დამზადების პროცესი ძველი სკოლის ოსტატობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების უნიკალური ნაზავია. Coventry Metalcraft-ის სახელოსნოში 30-ზე მეტმა ოსტატმა დეტალები ხელით გამოჭედა. მათ 1930-იანი წლების ინგლისური ფორმირების დაზგები (English wheels) – ჯამში დაახლოებით 10 ერთეული – გამოიყენეს. ამავდროულად, პანელების საბოლოო ფორმა ციფრული ზედაპირების მეშვეობით ზუსტად დაკორექტირდა.
დიზაინზე როიალ-ლემინგტონ-სპაში (Royal Leamington Spa) ბაზირებულმა სტუდია Avant Design-მა იმუშავა. მათ 1966 წლის კლასიკური Interceptor-ის პროპორციები გააცოცხლეს: გრძელი კაპოტი, კომპაქტური სალონი და საფირმო, მოხრილი უკანა მინა უცვლელი დარჩა. ამასთანავე, მანქანამ მიიღო თხელი, ჰორიზონტალური LED მაშუქები, დიდი ზომის კარბონის ჰაერმიმღებები და უკანა სპოილერი, რომელიც ნაწილობრივ ფარავს უკანა მინიდან ხედს. სილუეტის ბაზისად Avant-ის 2023 წლის ელექტროკონცეპტი, E-Ceptor გამოიყენეს, თუმცა ელექტროელემენტების ნაცვლად GTX-ში ტრადიციული supercharged V8 ჩადგეს.
აეროდინამიკის კუთხით, CFD სიმულაციების მიხედვით, ავტომობილი დაახლოებით 350 კგ ჩამომწოლ ძალას (downforce) უზრუნველყოფს.
ეს ექსკლუზიური მოდელი მასობრივი ბაზრისთვის ნამდვილად არ შექმნილა. კომპანია მის გაყიდვას არა ათასობით, არამედ სულ რამდენიმე ათეული ეგზემპლარის ოდენობით გეგმავს.

