პატარა სახლების სეგმენტში ხშირად გვიწევს კომპრომისზე წასვლა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე ვიწრო კიბეებს, დაბალჭერიან ანტრესოლებსა და შეზღუდულ სივრცეს ეხება. კომპანია Escape-მა, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია, ჯილდოების მფლობელ კომპაქტურ სახლებს აშენებს, ეს პრობლემა რადიკალურად განსხვავებული მიდგომით გადაჭრა. მათ ახალი, park-model ტიპის საცხოვრებელი, სახელწოდებით Glass House წარადგინეს, სადაც აქცენტი სრულფასოვან კომფორტსა და ბუნებასთან პირდაპირ კავშირზე კეთდება.
ახალი მოდელის სიგრძე 47 ფუტია, ხოლო სიგანე – 12 ფუტი. პროექტის მთავარი ხიბლი მის ერთსართულიან დაგეგმარებაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ვერ შეხვდებით ვერანაირ ლოფტის კიბეს. სახლის ექსტერიერი კედრითაა მოპირკეთებული, რომელიც დროთა განმავლობაში ბუნებრივად ძველდება და ირგვლივ არსებულ ლანდშაფტს ორგანულად ერწყმის. თუმცა პროექტის მთავარი სავიზიტო ბარათი დაახლოებით 30 ფუტის სიგრძის უწყვეტი მინის ვიტრაჟია, რომელიც ერთ მთლიან კედელს იკავებს და ინტერიერს გარე სამყაროსთან აერთიანებს.
მიუხედავად კომპაქტური კონცეფციისა, სახლის შიდა სივრცე საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ერგონომიკით სრულფასოვან ვილას არაფრით ჩამოუვარდება. სამზარეულოში ინტეგრირებულია სრული ზომის მაცივარი საყინულით, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ინდუქციური ქურა და კომბინირებული მიკროტალღური/კონვექციური ღუმელი.
არანაკლებ შთამბეჭდავია სააბაზანო ზონაც. იქ დაგხვდებათ ფილებით მოპირკეთებული დიდი საშხაპე მინის ტიხრით, ხელსაბანიანი ტუმბო, ჩვეულებრივი ჩასარეცხი უნიტაზი და საკმაოდ ტევადი სათავსოები. საძინებელ ოთახში კი პანორამული შემინვა გარე ხედებს ცოცხალ ნახატებად აქცევს. ამავდროულად, საძინებელს ებმის დახურული ვერანდა, რომელიც შიდა და გარე სივრცეების ერთიან ზონას ქმნის.
Glass House მხოლოდ ქაღალდზე დარჩენილი კონცეფცია არ არის. რეალური ინსტალაციის ნახვა უკვე შესაძლებელია Escape Canoe Bay Village-ის ლოკაციაზე, ვისკონსინში. ამ ეტაპზე მოდელის ზუსტი საცალო ფასი ცნობილი არ არის.

