9 სექტემბერს გამოვიდა Suno v6, რომელშიც 3 ახალი მოდელია გაერთიანებული. ის კომპანიის ისტორიაში პირველი თაობაა, რომელიც მუსიკალური ინდუსტრიის ოფიციალური მხარდაჭერით შეიქმნა. ტექნოლოგიური პროგრესის მიუხედავად, The Verge-ის ტექმიმომხილველის, ტერენს ობრაიენის, შეფასებით, ინსტრუმენტს ჯერ კიდევ ძალიან უჭირს ნამდვილი, ცოცხალი მუსიკისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ხარვეზების დაჭერა და გამეორება.
სტარტაპმა თავისი ახალი მოდელების გლობალური როლაუტი უკვე დაიწყო. კომპანიის გეგმის მიხედვით, ძველი ვერსიები დროთა განმავლობაში სრულად გაუქმდება და მომხმარებლები მხოლოდ ახალ სისტემაზე გადავლენ. როგორც ვიცით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც Suno-მ შექმნის პროცესში რეკორდ ლეიბლებთან ითანამშრომლა. ახალი თაობა მომხმარებლებს სამ ძირითად ვერსიას სთავაზობს. ესენია სტანდარტული ფლაგმანი v6, v6-wild და სრულიად ახალი v6-mini.
მონაცემთა ბაზა, რომლითაც ახალი სისტემა დატრეინინგდა, უკვე ოფიციალურად მოიცავს ისეთი გიგანტების ლიცენზირებულ კონტენტს, როგორებიცაა Warner Music Group, BMG და Believe. ამას ემატება თავად მომხმარებლების მიერ გენერირებული მონაცემებიც. მიუხედავად ამ ოფიციალური პარტნიორობისა, The Verge წერს, რომ მაინც ბუნდოვანია, არის თუ არა სისტემა ბოლომდე დაზღვეული საეჭვო გზით მოპოვებული მასალებისგან. ცნობისთვის, Suno-მ ცოტა ხნის წინ Warner-თან დავა მართლაც მოაგვარა, თუმცა საავტორო უფლებების მასობრივ დარღვევასთან დაკავშირებით Sony-ს, Universal-ისა და არაერთი ინდივიდუალური არტისტის მიერ აღძრული სასამართლო პროცესები დღემდე გრძელდება.
სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა Suno-ს წარმომადგენელმა. ჯეკ ბროდიმ The Verge-ს განუცხადა, რომ v6 „ნულიდან დატრეინინგდა ახალი მონაცემთა ბაზით, რომელიც არ შეიცავს იმავე მონაცემებს, რომლებითაც ჩვენი წინა მოდელები ტრეინინგდებოდა“.
რაც შეეხება მოდელების სპეციფიკას, v6-mini პლატფორმის ყველა მომხმარებლისთვის სრულიად უფასოა. მისი მთავარი მიზანი სწრაფი და რესურსეფექტური მუშაობაა. თუმცა სისწრაფე ხარისხზეც აისახება. მისი შედეგები ბევრად მარტივია და ხელოვნური ინტელექტისთვის დამახასიათებელი უხეში არტეფაქტებიც მასში უფრო მარტივად შესამჩნევია. მეორე მხრივ, v6-wild ბევრად უფრო არაპროგნოზირებადი ექსპერიმენტებისთვის შეიქმნა. ბროდის თქმით, ეს ვერსია გათვლილია „ბედნიერ შემთხვევებსა და ბუნებრივ ხარვეზებზე“. მართალია, ეს იდეა კარგად ჟღერს, მაგრამ ლიმიტირებული ტესტირებისას გამოცემის რევიუერმა სტანდარტულ v6-სა და wild ვერსიას შორის პრაქტიკული სხვაობა თითქმის ვერ იგრძნო.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნახტომი მუსიკალური ჟანრების აღქმაა. ტერენს ობრაიენის დაკვირვებით, სამივე ახალი მოდელი ბევრად უკეთ ერკვევა სპეციფიკურ მიმართულებებში. მაგალითად, მათ უკვე მარტივად ესმით ისეთი ჟანრები, როგორებიცაა hyperpop ან krautrock, რისი გაკეთებაც წინა ვერსიებს ძალიან უჭირდათ.
თუმცა პლატფორმის მთავარ გამოწვევად ისევ ზედმეტი პერფექციონიზმი რჩება. v5-ის მსგავსად, ახალი ვერსიაც კვლავ უძლურია, შექმნას რაიმე სხვა, გარდა აბსოლუტური ჰარმონიული და რიტმული სრულყოფილებისა. ტესტირების პროცესში პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა თუნდაც ოდნავ აცდენილი ნოტების ან მსუბუქად დისონანსური ჟღერადობის მიღება. მოდელმა სრულად დააიგნორა ისეთი სპეციფიკური მოთხოვნები, როგორიცაა მონოტონური ვოკალი ან კომპოზიცია დრამის გარეშე. ასევე სრულიად უშედეგო აღმოჩნდა აცდენილი პიანინოს ხმის დაგენერირების მცდელობა. ამას ემატება ისიც, რომ ვოკალის ნაწილში სისტემა ხშირად მყვირალა, არაბუნებრივ ხმებს აგენერირებს, რაც v5-თან შედარებით ზოგჯერ უფრო თვალშისაცემია.
რაც ნამდვილად შთამბეჭდავია, ეს ინტერფეისისა და ახალი ფუნქციების ნაწილია. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ სიმღერის ცალკეული ნაწილების პირდაპირ ჩატში, ჩვეულებრივი ტექსტით რედაქტირება. თუ კონკრეტული გიტარის ხაზის ან მხოლოდ ერთი სიტყვის შეცვლა გსურთ, ამას მთლიანი ტრეკის თავიდან შექმნის გარეშე, წამებში შეძლებთ. ასევე მარტივად შეგიძლიათ Suno-ს თქვენს პირად ბიბლიოთეკაში არსებული რამდენიმე სხვადასხვა ელემენტის ერთმანეთთან დაკავშირება. ყველაზე საინტერესო სიახლე კი ის არის, რომ დავალების მიცემა უკვე შესაძლებელია არა მხოლოდ ტექსტით, არამედ ვიზუალური და აუდიომასალითაც, იქნება ეს სურათი, ვიდეო თუ სხვა ხმოვანი ფაილი.
წყარო: Suno releases its first AI music model made with record industry help | The Verge, Suno releases new AI music models in partnership with Warner Music, BMG | Reuters, Suno launches v6 AI music models with Warner Music Group, BMG | Axios, Suno replaces its AI models with a new one trained on licensed music as copyright suits pile up | TechCrunch

