თანამედროვე ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში ხელოვნური ინტელექტი უკვე ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. AI აგენტები ჩვენს ციფრულ სამყაროში აქტიურად მუშაობენ – ისინი წერენ კოდს, აანალიზებენ მონაცემებს და დამოუკიდებლად ასრულებენ სხვადასხვა რუტინულ დავალებებს. თუმცა, ფიზიკურ სივრცეში მათი არსებობა მხოლოდ ეკრანზე მბჟუტავი ტექსტით, ტერმინალში გაშვებული ბრძანებებით ან პროგრესის მანიშნებელი ზოლით შემოიფარგლება. კრაკოველმა პროგრამისტმა და Maker კულტურის ენთუზიასტმა კშიშტოფ იამროზმა გადაწყვიტა ეს ერთფეროვანი მოცემულობა შეეცვალა. მან შექმნა პროექტი სახელად The Tiny Engineer – მაგიდის მინიატურული რობოტი, რომელიც თქვენი ვირტუალური AI ასისტენტის მოქმედებების ფიზიკური განსახიერებაა და სამუშაო მაგიდაზე ცოცხალ დინამიკას ქმნის.

მნიშვნელოვანია თავიდანვე განვსაზღვროთ, რომ ეს პატარა 3D რობოტი დამოუკიდებელი, ავტონომიური მუშაკი ნამდვილად არ არის. ის არ წერს ნამდვილ კოდს, არ გადაადგილდება ოთახში და არ ასრულებს საყოფაცხოვრებო დავალებებს. The Tiny Engineer ვირტუალური პროცესების ფიზიკური მიმიკაა. როდესაც თქვენი რეალური AI აგენტი რთულ ამოცანას ამუშავებს და ფიქრობს, ეს პატარა რობოტიც ეკრანს უყურებს და თავს ინტენსიურად იქექავს. უშუალოდ კოდის წერის პროცესში ის თავის პატარა კლავიატურაზე დაუღალავად აკაკუნებს, ხოლო დავალების წარმატებით დასრულებისას მაგიდის ზარს რეკავს და გამცნობთ, რომ საქმე დასრულებულია.
პროექტის ტექნიკური აპარატურა საგულდაგულოდაა შერჩეული. სისტემის მთავარი ტვინი Waveshare-ის წარმოების ESP32-C3-Zero მიკროკონტროლერია. მასთან ერთად გამოიყენება Adafruit PCA9685 სერვო კონტროლერი და 5 ცალი PowerHD HD-1370A მიკრო სერვო ძრავი მოძრაობის უზრუნველსაყოფად. რობოტის თვალები 0.91 დიუმიანი SSD1306 OLED ეკრანითაა წარმოდგენილი, რომელიც მას ემოციებს სძენს, ხოლო ხმის ეფექტებზე MAX98357A მოდული ზრუნავს.
GitHub-ის პლატფორმაზე ავტორმა პროექტის შექმნის პროცესზე ღიად ისაუბრა: „ESP32-თან მუშაობისას მთავარი გამოწვევა ზომა იყო. ESP32-C3-Zero ავირჩიე, რადგან Wi-Fi მჭირდებოდა და რობოტის სამართავად საკმარისი რესურსი ჰქონდა, მაგრამ ამავე დროს კონტროლერი ფიზიკურად უნდა ჩატეულიყო ამ პატარა სხეულში. 5 სერვოს სტაბილურად მართვა კიდევ ერთი შეზღუდვა აღმოჩნდა, ამიტომ მათი პირდაპირ ESP32-დან მართვის ნაცვლად PCA9685 სერვო კონტროლერი დავამატე. ისეთი პატარა სერვოების პოვნა, რომლებიც მექანიკაში ჩაეტეოდა და თან საკმარისი ძალა ექნებოდა, გასაკვირად რთული აღმოჩნდა“.
პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით რობოტი ნებისმიერ სტანდარტულ HTTP კლიენტს უკავშირდება. სისტემა იყენებს მარტივ REST API-ს. დეველოპერს POST მოთხოვნით შეუძლია გაუგზავნოს ბრძანება მარტივი ფორმატით – /anim?name=typing, /anim?name=reading, /anim?name=thinking ან /anim?name=ring, რაზეც რობოტი მაშინვე შესაბამის ანიმაციას ჩართავს. ავტორმა მაგალითისთვის Cursor-ის გარემო გამოიყენა, თუმცა ინტეგრაცია ნებისმიერ სხვა სისტემასთან და პლატფორმასთან არის შესაძლებელი, რადგან API აბსოლუტურად ღიაა.
The Tiny Engineer არ არის ტექნოლოგიური კომპანიის პროდუქტის კომერციული გაშვება. ეს არის სრულიად ახალი, რამდენიმე დღის წინ დაწყებული ენთუზიასტური პროექტი, რომელიც MIT ლიცენზიით ვრცელდება და GitHub-ზე უკვე ასობით ვარსკვლავი დააგროვა. სრული დიორამა 3D პრინტერით იბეჭდება – თავად რობოტით დაწყებული, მაგიდით, სკამით, ლეპტოპით, ნათურით და პატარა ყავის ჭიქით დასრულებული. დეტალები ძირითადად PLA ან PETG პლასტმასით მზადდება და ერთმანეთს 2 მილიმეტრიანი ხრახნებით, წებოს გამოყენების გარეშე უკავშირდება. ავტორმა GitHub-ზე საინჟინრო ფაილები .3mf და Fusion CAD ფორმატებში ატვირთა, რაც სხვებს პროექტის საკუთარ გემოვნებაზე მორგებას გაუმარტივებს. ვისაც საკუთარი AI ასისტენტისთვის ფიზიკური სხეულის შექმნა სურს, სრული ინსტრუქცია პროექტის ოფიციალურ რეპოზიტორიუმშია ხელმისაწვდომი.

