3D ბეჭდვა უკვე აღარ ნიშნავს მხოლოდ პატარა სატესტო მოდელებს და ტექნოლოგიურ გამოფენებს. დანიის ქალაქ ჰოლსტებროში დასრულდა პროექტი Skovsporet, რომელიც დღეის მონაცემებით ევროპაში ყველაზე დიდ 3D დაბეჭდილ საცხოვრებელ კომპლექსად ითვლება. სტუდენტებისთვის განკუთვნილი 36 ბინის აშენებას ზუსტად 12 თვე დასჭირდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამშენებლო ინდუსტრიისთვის, რადგან მსგავსი მასშტაბი ევროპაში აქამდე არავის აუთვისებია.
ეს არ არის ჯადოსნური პრინტერის ამბავი, რომელიც მთლიან სახლს ღილაკზე ერთი თითის დაჭერით აშენებს. სინამდვილეში საქმე ჰიბრიდულ მშენებლობასთან გვაქვს, რაც რობოტიკისა და ტრადიციული ხელოსნობის ეფექტურ სინთეზს აჩვენებს. პრინტერმა პროექტზე მხოლოდ კედლები დაბეჭდა. დანარჩენი სამუშაოები კი ტრადიციულად, ადამიანებმა შეასრულეს. COBOD BOD3 პრინტერის მიერ ფენებად დასხმულ ბეტონის ჩონჩხს ცოცხალმა მშენებლებმა სახურავი, კარ-ფანჯარა, ავეჯი და ინტერიერის სხვა დეტალები დაუმატეს.

ბეჭდვისას კედლები ადგილზე იდგმება. ფოტო: SAGA Space Architects
კომპლექსი სულ 1650 კვადრატულ მეტრს იკავებს და 6 ბლოკად არის დაყოფილი. თითოეული ბლოკი მიწის დონეზე 6 ბინას აერთიანებს. ბინების ფართობი 39-დან 50 კვადრატულ მეტრამდეა. აღსანიშნავია ბეჭდვის სისწრაფეც. 3DCP Group-ის ბეჭდვის გუნდი მხოლოდ 3 ადამიანისგან შედგებოდა. თუ პირველი 6-ბინიანი ბლოკის დაბეჭდვას გუნდმა რამდენიმე კვირა მოანდომა, ბოლო ბლოკზე პრინტერმა სამუშაო სულ რაღაც 5 დღეში დაასრულა. თუმცა მთლიანი პროექტის ჩაბარებას, მისი დამუშავებისა და სრული მოწყობის ჩათვლით, რეალურად 12 თვე დასჭირდა.
პროექტზე არქიტექტურულმა სტუდიამ SAGA Space Architects-მა და MS+-მა ერთობლივად იმუშავეს. მათი მთავარი შემკვეთი ორგანიზაცია NordVestBO იყო, რომლის მიზანსაც ხელმისაწვდომი სოციალური საცხოვრებლის შექმნა წარმოადგენდა. პროექტის კონკრეტული ბიუჯეტი უცნობია, მაგრამ გუნდის თქმით, ის დანიის სოციალური საცხოვრებლის მკაცრ ფინანსურ ჩარჩოებში ზუსტად ჩაეტია.
პროექტს Skovsporet, რაც ქართულად ტყის ბილიკს ნიშნავს, შემთხვევით არ ჰქვია. არქიტექტორებმა გარემოზე განსაკუთრებულად იზრუნეს და საცხოვრებლის ტერიტორიაზე არსებული ხეების 90 პროცენტი ხელუხლებლად შეინარჩუნეს. რაც შეეხება დიზაინს, შიდა სივრცეებში და ფასადზე გამოყენებულია ხის ჰიბრიდული კონსტრუქციები, სპეციალურად დამუშავებული ფანერა და მინა. ინტერიერში ასევე დიდი რაოდენობით ხე და კორპია შეტანილი. დაბეჭდილი ბეტონის ტალღოვანი კედლები სპეციალურად დატოვეს ღიად და ის დიზაინის მთავარ ელემენტად აქციეს, რათა ნაბეჭდი ესთეტიკა არ დაემალათ.

ინტერიერში ნაბეჭდი კედელი ღიად რჩება. ფოტო: Edi Cliff / SAGA Space Architects
კედლებისთვის D.fab ბეტონი და FUTURECEM ტექნოლოგია გამოიყენეს. ველოსიპედების სადგომისთვის კი სპეციალური, ნულოვანი ცემენტის შემცველობის MEVOcem აიღეს. ამ კონკრეტულმა ეკოლოგიურმა მასალამ სადგომის შემთხვევაში ტრადიციულ ბეტონთან შედარებით CO2-ის გამოყოფა 84 პროცენტით შეამცირა.
სებასტიან არისტოტელისმა, SAGA-ს თანადამფუძნებელმა და მთავარმა არქიტექტორმა განაცხადა: “სტუდენტური საცხოვრებლის ეს პროექტი ამტკიცებს, რომ 3D ბეჭდვა უკვე აღარ არის უბრალოდ ექსპერიმენტი. ჩვენ მცირე პროტოტიპების ბეჭდვიდან გადავედით 36 რეალური სახლის და მთელი თემის შექმნაზე. სწორედ ეს არის ის მასშტაბი, სადაც ტექნოლოგია არქიტექტურისთვის სერიოზულ ინსტრუმენტად იქცევა.”
VIA University College-თან ახლოს მდებარე კომპლექსში სტუდენტები უკვე სექტემბერში, მომდევნო კვირებში შეძლებენ გადასვლას. ახალ მოსახლეებს სტუდენტური ცხოვრებისთვის აუცილებელი ყველა სივრცე დახვდებათ: სამზარეულო, სამუშაო და მოსასვენებელი ოთახები, თანამედროვე სააბაზანო, საძინებელი ზონა და სახურავის ფანჯრები. გარე ინფრასტრუქტურა კი საერთო ეზოებს, ბაღებს, საფეხმავლო ბილიკებს და ველოსიპედების დიდ პარკინგს აერთიანებს.
წყარო: New Atlas, SAGA Space Architects

