ბატარეის, ძრავისა და ელექტროენერგიის გარეშე მოქმედი, მხოლოდ ხელის წნევაზე დაფუძნებული პატარა მოწყობილობა ცდილობს შეცვალოს ყოველდღიური სიტუაციები, როდესაც სისუფთავისთვის წყალი გჭირდება, მაგრამ ელექტრო მოწყობილობის გამოყენება ზედმეტად მოუხერხებელია.

PORTALO არის პორტატული ჰიგიენური სპრეიერი, რომელიც ფრანგმა პროდუქტის დიზაინერმა Karim Ali-მ შექმნა. 24 წლის დიზაინერმა პროექტზე მუშაობა 2022 წელს სტუდენტურ საცხოვრებელში დაიწყო და საბოლოო კონცეფციამდე მისასვლელად 11 პროტოტიპი შექმნა. მოწყობილობის პატენტი ამ ეტაპზე PCT განაცხადის ფორმით არის წარდგენილი.
მთავარი იდეა მარტივია: PORTALO წყალს ელექტრონიკის გარეშე ასხურებს. მომხმარებელი ხელით ქმნის წნევას, რომელიც მოწყობილობას საშუალებას აძლევს, წყლის ნაკადი წარმოქმნას. სისტემა 3 ბარამდე ჰაერის წნევას ავითარებს, რაც საკმარისია როგორც ძლიერი ჭავლის, ისე მსუბუქი ნისლის რეჟიმისთვის.
მოწყობილობის შიგნით მოთავსებულია 410 მლ მოცულობის BPA-ისგან თავისუფალი წყლის ავზი. მას აქვს 60 სმ სიგრძის გასაწევი მილი, სპილენძის საქშენი და დაახლოებით 120 წამის განმავლობაში უწყვეტი მუშაობის შესაძლებლობა. თავად კორპუსის წონა მხოლოდ 205 გრამია.
PORTALO-ს დიზაინი იაპონური Asanoha-ს ორიგამის გეომეტრიით არის შთაგონებული. მრავალწახნაგოვანი ფორმა მხოლოდ ვიზუალური გადაწყვეტა არ არის, ის ხელს უწყობს მოწყობილობის გამძლეობასა და მოხერხებულად დაჭერას. სპრეერს აქვს მაგნიტური საქშენის სამაგრი, სატარებელი ღვედი და ნახევრად გამჭვირვალე ფერადი ავზი.
დიზაინერის თქმით, მოწყობილობის დაახლოებით 90% ხელით იშლება, რაც მის მოვლასა და გადამუშავებას ამარტივებს. ეს მიდგომა განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზე, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 26 მილიარდი სველი ხელსახოცი გამოიყენება, რაც გარემოზე დამატებით ზეწოლას ქმნის.
PORTALO ასევე ცდილობს, განსხვავებული მიდგომა წარმოაჩინოს იმ ელექტრო ალტერნატივებთან შედარებით, რომლებიც ხშირად ბატარეაზე არიან დამოკიდებული. მათი ნაწილი 0.5-1.5 ბარის ფარგლებში მუშაობს, ხოლო ენერგიის მარაგის შემცირებისას წარმადობაც შეიძლება დაეცეს. PORTALO-ს შემთხვევაში ბატარეის ამოწურვის პრობლემა არ არსებობს.
პროდუქტმა უკვე მიიღო რამდენიმე საერთაშორისო აღიარება. Karim Ali-მ PORTALO Alibaba CoCreate Pitch 2025-ის კონკურსში გაიმარჯვა, სადაც დაახლოებით 30 ათასი განაცხადი იყო წარმოდგენილი. მოწყობილობა ასევე გამოჩნდა პარიზის Concours Lépine 2026 გამოფენაზე, სადაც პირველი საწარმოო ერთეულები საჯაროდ გაიყიდა.
PORTALO-ს ფასი 59 ევროა, რაც დაახლოებით 68 დოლარს შეადგენს. მომხმარებლებს ოთხი ფერის არჩევანი ექნებათ: Coal Black, Sky Blue, Olive Green და Canyon Orange. მწარმოებელი მსოფლიოს მასშტაბით მიწოდებას გეგმავს, ხოლო პირველი მიწოდებები 2026 წლის დეკემბერშია მოსალოდნელი.

