ხუთმეტრიანი SUV, 888 ცხენის ძალა და V8-ის რიტმით შექმნილი ციფრული ხმა. Bentley-ის პირველი სრულად ელექტრო სერიული ავტომობილი Torcal მხოლოდ ძრავის შეცვლას არ ნიშნავს. ბრენდმა ელექტრიფიკაციასთან ერთად შეინარჩუნა ის პროპორციები და დეტალები, რომლებიც Bentley-ს Grand Tourer-ებთან აკავშირებს.
Torcal Bentley-ის მეოთხე მოდელური ხაზია და დაახლოებით 5 მეტრის სიგრძის ელექტრო SUV-ია. ავტომობილი 113 kWh-ის ბატარეას იყენებს და WLTP ციკლით 375 მილამდე, დაახლოებით 604 კილომეტრის სავალს გვპირდება.
S ვერსია 888 PS-სა და 1,350 Nm-ის ბრუნვის მომენტს ავითარებს. 0-დან 60 mph-მდე აჩქარებას 2,8 წამში ასრულებს. 800-ვოლტიანი არქიტექტურა, ორმაგი ელექტროძრავი და დაახლოებით 400 kW-მდე სიმძლავრის დამუხტვის შესაძლებლობა ამ მონაცემებს ტექნიკურ საფუძველს აძლევს.
მთავარი დიზაინი კი კაპოტიდან იწყება.
გრძელი კაპოტი ელექტრომობილისთვის თითქოს ზედმეტი დეტალია, რადგან ბატარეა სალონის იატაკქვეშაა მოთავსებული და ტრადიციული დიდი ძრავა აღარ სჭირდება. თუმცა დიზაინის დირექტორმა Robin Page-მა სწორედ ეს პროპორცია შეინარჩუნა, რათა Torcal-ს Bentley-ის კლასიკური GT-ის იერი არ დაეკარგა.
წინა ნაწილში ტრადიციული ცხაურის ნაცვლად განათებული, ბრილიანტისებრი გრაფიკაა. უკანა ნაწილი კი ე.წ. „მოსვენებული მხეცის“ პოზას ქმნის. სალონში თანამედროვე ტექნოლოგია კლასიკურ კონტროლებთანაა შერწყმული: მრუდე OLED ეკრანებსა და AR HUD-ს გვერდით დარჩა ნაჭდევიანი ფიზიკური ღილაკები და წრიული Bullseye-ის ტიპის სავენტილაციო დეტალები.
მასალებშიც Bentley-ის ხელოსნური მიდგომა გრძელდება. Torcal-ში Fox Brothers-ის 100%-იანი Merino-ს მატყლის ტექსტილია გამოყენებული, ხოლო Mulliner-ის ხის დეკორი კაკლის წარმოების ნარჩენი ნაჭრებისა და გადამუშავებული ქაღალდისგან მზადდება.
ყველაზე უჩვეულო ნაწილი ხმაა.
Bentley-მ მუსიკოსებს დასარტყამი ინსტრუმენტების, ალტისა და ბასის გამოყენებით V8-ის რიტმზე ააწყობინა ჩანაწერები. მიღებული საუნდტრეკი ავტომობილის სიჩქარესა და აქსელერატორის გამოყენებას მიჰყვება და, სურვილის შემთხვევაში, მისი გამორთვაც შესაძლებელია. მოხვევის მაჩვენებლის ხმა ტყავზე ჩაქუჩის დარტყმის ჩანაწერიდან მოდის, ინტერფეისის ზოგიერთი ხმა კი ბროლის ჭიქით შეიქმნა.
შასის ნაწილში Torcal Bentley-ს რამდენიმე ახალ ტექნოლოგიასაც აერთიანებს. სრულად აქტიური დაკიდება ბრენდისთვის პირველად გამოიყენება, უკანა ბორბლების მართვა კი მანევრირებას ამარტივებს. შემობრუნების წრე 11,1 მეტრია.
Torcal-ის იდეა საბოლოოდ ასეთია: ელექტრო ძალოვანი აგრეგატი ავტომობილის იდენტობას კი არ ცვლის, არამედ Bentley-ისთვის უკვე ნაცნობ ფორმებს, მასალებსა და ხმას ახალ ტექნოლოგიურ პლატფორმაზე გადააქვს.






წყარო: designboom.com, dezeen.com

