ლონდონის ჩაისა და ყავის ნარჩენებს ახალი დანიშნულება მიეცა. After the Last Sip-ის პროექტში გამოყენებული ჩაის ფოთლები და ყავის ნალექი ავეჯად, განათების ობიექტებად და სკულპტურულ ნამუშევრებად გარდაიქმნა. პროექტი Innovus.Lab-ის დიზაინერებმა შექმნეს და მისი წარმოებისთვის East London-ში მდებარე Fab.Pub-ის სივრცეში დიდი მასშტაბის რობოტული 3D ბეჭდვა გამოიყენეს.
After the Last Sip-ის იდეა მარტივია: ყოველდღიურად გადაყრილი მასალა დიზაინის ექსპერიმენტის ნაწილად იქცეს. პროექტისთვის ლონდონის ბაბლ-თის ობიექტებიდან გამოყენებული ჩაის ფოთლები და ადგილობრივი კაფეებიდან შეგროვებული ყავის ნალექი გააშრეს, დაფქვეს და PLA-სთან შეაერთეს. მიღებული ექსპერიმენტული კომპოზიტები შემდეგ პარამეტრული დიზაინისა და დიდი მასშტაბის რობოტული 3D ბეჭდვის საშუალებით სხვადასხვა ობიექტად გარდაიქმნა.
მასალის შექმნის პროცესში დიზაინერები სხვადასხვა ზომის ნაწილაკებს, შემადგენლობასა და შერევის მეთოდებს ცდიდნენ. მიზანი მხოლოდ გამძლე მასალის მიღება არ ყოფილა. ისინი აკვირდებოდნენ, როგორ იცვლებოდა ფერი, ტექსტურა, გამჭვირვალობა და სტრუქტურული ქცევა სხვადასხვა კომბინაციის შემთხვევაში.
ამ ექსპერიმენტების შედეგი ობიექტებშიც პირდაპირ ჩანს. ნამუშევრებში 3D ბეჭდვის ფენები, ნაწილაკები და არათანაბარი ზედაპირები დამალული არ არის. პირიქით, მასალის წარმომავლობისა და დამზადების პროცესის კვალი დიზაინის ნაწილად რჩება.
პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა Chao-Chun Kung-ის CHA / 茶, რომელიც ჩაის ნარჩენებისგან დამზადებულ PLA კომპოზიტს იყენებს. მის საფუძველში ჩინური იეროგლიფი 茶-დან განვითარებული სპეციალური პარამეტრული სისტემაა. Kung-ის ნამუშევრებს შორისაა ასევე Iced Tea, დიდი მასშტაბის 3D-დაბეჭდილი სანათები, რომლებიც ჩაის ნარჩენების PLA კომპოზიტითაა დამზადებული.
Ching-Yu Lin-ის Undetermined Shore ყავის ნალექის PLA კომპოზიტებზეა დაფუძნებული. მისი ფენოვანი, ნალექის მსგავსი ზედაპირები ტაივანის მუდმივად ცვალებადი სანაპირო ზოლითაა შთაგონებული.
Chen-Yang Chang-ის Nexus Bloom და Unfolding Bloom კი ციფრული დიზაინისა და 3D ბეჭდვის საშუალებით შექმნილ უწყვეტ პარამეტრულ გეომეტრიებს აერთიანებს. Nexus Bloom-ში ჩაის ნარჩენების PLA გამოიყენება.
დიზაინერების გარდა, პროექტში ჩართულია სივრცის კურატორი Chih-Han Liu. Innovus.Lab-ის გუნდის წევრები არიან Chao-Chun Kung, Ching-Yu Lin და Chen-Yang Chang.
After the Last Sip-ის განსაკუთრებული ნაწილი თავად ექსპერიმენტების კვალიცაა. გამოფენაზე ნამუშევრებთან ერთად წარმოდგენილი იქნება მასალის ნიმუშები, ტესტირების კვალი, წარუმატებელი მცდელობები და პროცესში აღმოჩენილი შედეგები. ამგვარად, საბოლოო ობიექტებთან ერთად ნაჩვენებია ის გზაც, რომელმაც მათ შექმნამდე მიიყვანა.
პროექტი 12-18 სექტემბერს ლონდონის Fab.Pub-ში იქნება წარმოდგენილი. გამოფენა London Design Festival-ის ფარგლებში გაიმართება და მას Innovus.Lab (@innovus.lab.ldn) წარმოადგენს.
article-draft

