შაბ, 19 სექ, 2026
ახალი ინტერაქტიული ქვიზები დაემატა საიტს — შეამოწმე შენი ცოდნა. ნახვა →
ინდუსტრია

კორპი უკვე უბრალოდ საფარი აღარ არის: Strata-ს სავარძელი მას კონსტრუქციად აქცევს.

კორპს ავეჯში ხშირად ზედაპირად ვხვდებით, მაგრამ დანიაში მოღვაწე დიზაინერმა Chiara Verde-მ მას სხვა როლი მისცა. მისი Strata lounge chair-ის მთავარი კონსტრუქცია ლამინირებული...

კორპს ავეჯში ხშირად ზედაპირად ვხვდებით, მაგრამ დანიაში მოღვაწე დიზაინერმა Chiara Verde-მ მას სხვა როლი მისცა. მისი Strata lounge chair-ის მთავარი კონსტრუქცია ლამინირებული კორპისგან შედგება, ხოლო მასალის გამძლეობას ბუნებრივი ბოჭკოს ტექსტილის ფენები უზრუნველყოფს.

Yanko Design

Strata-ს იდეა მარტივია: კორპი აქ დეკორაცია კი არა, მზიდი მასალაა. თხელი კორპის ფურცლები ბუნებრივი ბოჭკოს ტექსტილის ფენებთან მონაცვლეობით ლამინირდება და ქმნის მყარ, მზიდ გარსებს. ტექსტილის ფენები კორპს მიმართულებით სიხისტეს მატებს და საშუალებას აძლევს, დატვირთვის დიდი ნაწილი დამოუკიდებლად გაუმკლავდეს.

ლითონის კონსტრუქცია მხოლოდ იმ წერტილებშია გამოყენებული, სადაც დატვირთვა განსაკუთრებით კონცენტრირებულია. შედეგად, სკამის ძირითადი სტრუქტურული ფუნქცია თავად კორპის გარსებს ეკისრება.

Yanko Design

ეს შედეგი რამდენიმე თვიანი ცდის, პროტოტიპებისა და კორექტირებების შემდეგ მიიღეს. Verde-მ ჯერ კორპის სკამის პროტოტიპი შექმნა, რათა შეემოწმებინა მასალისა და ლამინირებული ფენების სტრუქტურული შესაძლებლობები. სწორედ ამ ტესტმა მისცა საფუძველი უფრო დიდი, lounge chair-ის მასშტაბის ფორმაზე გადასასვლელად.

Yanko Design

Strata-ს ვიზუალი ამ ტექნიკურ მიდგომას ზედმეტი დემონსტრირების გარეშე აჩვენებს. ფორმა ორგანულია, ტექსტურა თბილი, ხოლო საერთო სილუეტი თავშეკავებული. კორპის ბუნებრივი თვისებები აქ დიზაინის ნაწილიც ხდება: მასალა შეხებისას რბილია და დროთა განმავლობაში გამოყენების კვალს იღებს.

ფორმით Strata-ს წინამორბედად შეიძლება მივიჩნიოთ მე-20 საუკუნის მოდერნისტული ე.წ. slung chair-ები, რომლებშიც ტყავი ფოლადის მილებზე იყო გადაჭიმული. Verde მსგავსი პრინციპის ახალ ინტერპრეტაციას გვთავაზობს, თუმცა ტყავის ნაცვლად ლამინირებულ კორპს იყენებს.

Yanko Design

პროექტის მთავარი აქცენტი მხოლოდ ეკოლოგიურ მასალაზე არ მოდის. Verde-ს შემთხვევაში მდგრადობა დიზაინის მეთოდია და არა უბრალოდ მარკეტინგული გზავნილი. კორპის არჩევას წინ უძღვის მასალის თვისებების კვლევა, რეალური დატვირთვების გამოცდა და კონსტრუქციის ეტაპობრივი დახვეწა.

სწორედ ამიტომ Strata საინტერესოა არა მხოლოდ როგორც ახალი სავარძლის დიზაინი, არამედ როგორც მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ავეჯის ფორმა თავად მასალის შესაძლებლობებიდან დაიწყოს. კორპი ამჯერად ზედაპირზე აღარ მთავრდება, ის ავეჯს ფაქტობრივად „იჭერს“.

წყარო: Yanko Design — Strata cork chair