ოთხ, 16 სექ, 2026
ახალი ინტერაქტიული ქვიზები დაემატა საიტს — შეამოწმე შენი ცოდნა. ნახვა →
ინდუსტრიის სიახლეები

$12.93 მილიარდი: Nvidia-მ ხელოვნური ინტელექტის მთავარი ღია პლატფორმა Hugging Face-ი იყიდა

ტექნოლოგიურ სამყაროში აგვისტოს ბოლოს გაჩენილი ხმები, რომლებზეც Business Insider-ი და The Information-ი წერდნენ, ოფიციალურად დადასტურდა. 2026 წლის 3 სექტემბერს Nvidia-მ Hugging Face-ის...

ტექნოლოგიურ სამყაროში აგვისტოს ბოლოს გაჩენილი ხმები, რომლებზეც Business Insider-ი და The Information-ი წერდნენ, ოფიციალურად დადასტურდა. 2026 წლის 3 სექტემბერს Nvidia-მ Hugging Face-ის შესყიდვა დაადასტურა. გარიგების ღირებულებამ $12.93 მილიარდი შეადგინა.

ეს არ ეხება კომპანიის პატარა აპარატურულ პროექტს, რობოტ იხვ MicroDuck-ს, რომლის შესახებაც ადრე ვწერდით. საუბარია თავად კომპანიასა და მის გლობალურ ეკოსისტემაზე. დღეს Hugging Face-ი ინდუსტრიის უპირობო გულია: პლატფორმაზე განთავსებულია დაახლოებით 3 მილიონი მოდელი, 1 მილიონი აპლიკაცია და ნახევარი მილიონი მონაცემთა ბაზა, რომლებსაც 18 მილიონზე მეტი დეველოპერი იყენებს.

ბუნებრივია, ასეთ გარიგებას ღია კოდის ენთუზიასტებში კითხვები მოჰყვა, თუმცა Nvidia-ს ხელმძღვანელი Jensen Huang-ი აუდიტორიას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, Hugging Face-ი დარჩება ღია პლატფორმად, სადაც დეველოპერები თავად აირჩევენ მოდელებს, ფრეიმვორკებს, ღრუბლოვან სერვისებს, ინფერენსის პროვაიდერებსა და გამოთვლით სიმძლავრეებს. Jensen Huang-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პლატფორმაზე მუშაობისთვის ან პროექტების გასაშვებად Nvidia-ს გამოთვლითი რესურსების გამოყენება სავალდებულო არ იქნება. მანვე შეგვახსენა, რომ Nvidia-ს თავადაც გამოქვეყნებული აქვს 500-ზე მეტი მოდელი და 250 ღია მონაცემთა ბაზა სწორედ Hugging Face-ზე.

Hugging Face-ი 2016 წელს დაფუძნდა და Crunchbase-ის მონაცემებით ჯამში $395 მილიონზე მეტი მოიზიდა. ბოლო ოფიციალური საინვესტიციო რაუნდი 2023 წელს შედგა, როდესაც კომპანიამ Salesforce Ventures-ის ლიდერობით $235 მილიონი მიიღო, ინვესტორებს შორის კი Google-ი, Amazon-ი, IBM-ი და თავად Nvidia იყვნენ. მაშინ სტარტაპი $4.5 მილიარდად შეფასდა.

როგორც ირკვევა, გასულ წელს Hugging Face-მა უარი თქვა Nvidia-ს $500-მილიონიან საინვესტიციო შეთავაზებაზე, რომელიც კომპანიას დაახლოებით $7 მილიარდად აფასებდა. თუმცა ბიზნესი სწრაფად იზრდებოდა. The Information-ის ცნობით, სტარტაპის წლიურმა შემოსავალმა ცოტა ხნის წინ $150 მილიონს მიაღწია. ივლისში TechCrunch-თან საუბრისას Clem Delangue-მა აღნიშნა, რომ ეს ზრდა კომპანიას მომგებიანობასთან აახლოებდა.

მაშ, რატომ გადაწყვიტა სტარტაპმა კომპანიის სრულად გაყიდვა? Clem Delangue-მა სოციალურ ქსელ X-ში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მადლობა გადაუხადა საზოგადოებას და განმარტა, რომ ღია ალტერნატივის მასშტაბირებას მეტი გამოთვლითი რესურსი, მხარდაჭერა, კოლაბორაცია და ცნობადობა სჭირდება. "სწორედ ამიტომ მივედით Jensen-თან სასაუბროდ…", დაწერა მან.

ამ ნაბიჯით Nvidia კიდევ უფრო იმყარებს პოზიციებს ხელოვნური ინტელექტის პროგრამულ ფენაში, ხოლო დეველოპერები იმედოვნებენ, რომ ღია კოდის თავისუფლება კორპორაციულ ინტერესებს არ შეეწირება.

წყარო: TechCrunch, The Verge