ოთხ, 16 სექ, 2026
ახალი ინტერაქტიული ქვიზები დაემატა საიტს — შეამოწმე შენი ცოდნა. ნახვა →
3D და VFX

უელსელმა დიზაინერმა 3D პრინტერის ტექნიკური შიგთავსი სანათის მთავარ დეტალად დატოვა

3D ბეჭდვის პროცესში ფენების ხილვადობა და შიდა დამცავი სტრუქტურა – იგივე ინფილი (infill) – დიზაინერების უმეტესობისთვის ის ტექნიკური დეტალებია, რომელთა დამალვასაც მაქსიმალურად...

3D ბეჭდვის პროცესში ფენების ხილვადობა და შიდა დამცავი სტრუქტურა – იგივე ინფილი (infill) – დიზაინერების უმეტესობისთვის ის ტექნიკური დეტალებია, რომელთა დამალვასაც მაქსიმალურად ცდილობენ. პროცესის კვალი ხშირად ესთეტიკურ წუნად აღიქმება. თუმცა, ჩარლი ფირთმა, პროდუქტის და ავეჯის დიზაინერმა სამხრეთ-დასავლეთ უელსიდან, სრულიად საპირისპირო მიმართულება აირჩია და 3D პრინტერის სპეციფიკური მახასიათებლები პროექტის მთავარ ესთეტიკურ დეტალად აქცია.

Charlie Firth-ის 3D-ნაბეჭდი მაგიდის ნათურები. ფოტო: Charlie Firth

ფირთის კარიერის ადრეული ეტაპი მონოქრომულ პალიტრაზე და მინიმალისტურ ფორმებზე იყო ფოკუსირებული. ეს სტილი ზუსტად ერგებოდა 2020 წლამდე არსებულ ბაზარს, სადაც ნეიტრალური, სუფთა პროდუქტები დომინირებდა. ეს მიდგომა პანდემიის პერიოდმა რადიკალურად შეცვალა. კოვიდის ლოქდაუნის დროს დიზაინერმა თავის პარტნიორთან ერთად 1 წელი ქალაქ ბათში, ნაქირავებ ბინაში გაატარა. ინტერიერი, როგორც გასაქირავებელი სივრცეების უმეტესობა, იმდენად ნეიტრალური და უნივერსალური იყო, რომ მობინადრეს პერსონალური გამოხატვის არანაირ შანსს არ უტოვებდა. სწორედ ამ ერთწლიანმა ვიზუალურმა იზოლაციამ უბიძგა ავტორს გაცილებით ექსპრესიული, ცოცხალი პალიტრის ძიებისკენ.

მის ახალ, მიმდინარე სერიას Colorful Rebellion ჰქვია. ეს არის 3D პრინტერზე დაბეჭდილი მაგიდის სანათების კოლექცია, რომელიც ფუნქციურ განათებასა და სკულპტურულ დიზაინს შორის საზღვარს შლის. სანათების გეომეტრია, გაჯერებული ფერები და მოდულური ნაწილები პირდაპირ იღებს ინსპირაციას მემფისის დიზაინის მოძრაობიდან, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თამამი ესთეტიკით.

მოდულური კომპონენტები Colorful Rebellion სერიიდან. ფოტო: Charlie Firth

სამუშაო პროცესი ტრადიციულად, 2D ესკიზებით იწყება, სადაც ფორმები და პატერნები ერთმანეთს ედება და კოლაჟის პრინციპით მუშავდება. ფირთი ბლოკურ ფორმებს და გრაფიკულ მოტივებს პირდაპირ ყოველდღიური გარემოდან იღებს, აგროვებს ესკიზების წიგნში და შემდეგ მათ აკომბინირებს. ეს ნახაზები მოგვიანებით მოდულურ 3D მოდელებად იქცევა. ციფრული სამუშაო გარემო მას აძლევს სრულ თავისუფლებას, რომ სხვადასხვა კომპონენტი, განლაგება და ფერი ბეჭდვის დაწყებამდე შეცვალოს და დატესტოს. მსგავსი ციფრული იტერაცია ფიზიკური პროტოტიპების დამზადებაზე ბევრად სწრაფია და ქმნის ადაპტირებად სისტემას, რომელიც ექსპერიმენტების კვალდაკვალ მუდმივად ვითარდება.

რაც შეეხება პროცესის ხილვადობას, სანათის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი – შიდა სტრუქტურის გამოჩენა – თავიდან სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს. Memphis Is Back მოდელის შექმნისას დიზაინერმა შენიშნა, რომ ჩართულ მდგომარეობაში სანათის კედლები ინფილის პატერნს აჩენდა. ნაცვლად იმისა, რომ ეს ეფექტი გაექრო ან კედლები გაესქელებინა, ფირთმა ის განზრახ დატოვა და სერიის სხვა დიზაინებშიც გადაიტანა. დამატებითი ფაბრიკაციის ტექნიკური მახასიათებლები ახლა უკვე პროექტის ვიზუალური ენის განუყოფელი ნაწილია.

Memphis Is Back ნათურა ანთებულ აბაჟურზე infill ბადით. ფოტო: Charlie Firth

კიდევ ერთი მოდელი, სახელად Hatched, ინსპირაციას პირდაპირ 3D ფორმების შესაქმნელად გამოყენებული ბადისებრი სტრუქტურიდან იღებს. შედეგად, ეს კონკრეტული ობიექტი განათების ჩონჩხისებრ ვერსიას უფრო ჰგავს, სადაც ფენების ხაზები და ზედაპირის ტექსტურის ცვლილებები სრულად არის შენარჩუნებული.

Hatched ნათურა ხილული პრინტერის ბადით. ფოტო: Charlie Firth

Designboom-ის პლატფორმაზე მომხმარებლების მიერ გაზიარებული ეს პროექტი არ არის მასობრივი წარმოების სიახლე. ეს უფრო დამოუკიდებელი, საავტორო კვლევაა, რომელიც კარგად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ციფრული წარმოების ტექნიკური შეზღუდვები არა პრობლემად, არამედ ორიგინალური დიზაინის საწყის წერტილად იქცეს.

წყარო: Designboom