ოთხ, 16 სექ, 2026
ახალი ინტერაქტიული ქვიზები დაემატა საიტს — შეამოწმე შენი ცოდნა. ნახვა →
რობოტიკა

8.86 წამი 100 მეტრზე: პეკინში ჰუმანოიდმა რობოტებმა ახალი რეკორდი დაამყარეს

რობოტების ევოლუცია იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე წარმოგვედგინა. პეკინის National Speed Skating Oval-ში – ყოფილ ოლიმპიურ არენაზე, რომელმაც 2025 წელსაც უმასპინძლა ანალოგიურ ღონისძიებას...

რობოტების ევოლუცია იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე წარმოგვედგინა. პეკინის National Speed Skating Oval-ში – ყოფილ ოლიმპიურ არენაზე, რომელმაც 2025 წელსაც უმასპინძლა ანალოგიურ ღონისძიებას – 22-26 აგვისტოს World Humanoid Robot Games გაიმართა. რიგით მეორე ჩემპიონატმა ნათლად აჩვენა, რომ ჰუმანოიდებს სპრინტი უკვე წარმოუდგენელი სისწრაფით შეუძლიათ, თუმცა ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგ ხშირად უბრალოდ ნაწილებად იშლებიან.

ჰუმანოიდი რობოტები 100 მეტრს რბენენ პეკინში. ფოტო: Global Times / Li Hao

ციფრები მართლაც შთამბეჭდავია. თუ შარშან 100 მეტრზე სირბილში გამარჯვებულს დისტანციის დასაფარად 21.50 წამი დასჭირდა, წელს ეს დრო ჯერ 9.39 წამამდე შემცირდა, რამდენიმე დღეში კი იმავე რობოტმა მაჩვენებელი 8.86 წამამდე ჩამოიყვანა. სიმაღლეზე ხტომაში დაფიქსირებული შედეგი 2.88 მეტრია – ეს თითქმის ნახევარი მეტრით აღემატება ადამიანების მიერ 1993 წელს დამყარებულ რეკორდს. შედარებისთვის, წინა წელს ამავე დისციპლინაში რობოტებმა მხოლოდ 0.95 მეტრის დაძლევა შეძლეს.

მიუხედავად ასეთი ტექნოლოგიური ნახტომისა, ღონისძიება ტრაგიკომიკური ინციდენტებითაც დაგვამახსოვრდა. მორბენალი რობოტები სწორ ხაზზე სპრინტისთვის იყვნენ გამიზნულები და სწრაფად გაჩერება უჭირდათ, რის გამოც ბარიერებს ეჯახებოდნენ. Honor-ის რობოტმა სირბილისას ფეხი დაკარგა, ერთ-ერთი ფინიშერი დამცავ ბალიშზე დაცემისას აალდა, ხოლო ძალოსნობაში მოასპარეზე რობოტი პირდაპირ მსაჯების მაგიდაზე გადავარდა. გულშემატკივარი რობოტები კი პლატფორმებიდან ცვიოდნენ.

ჰუმანოიდი რობოტების კრივი World Humanoid Robot Games-ზე. ფოტო: Getty Images via The Verge

Ars Technica-სთან საუბრისას დიპამ პატელი ამბობს: “თუ ფინიშის ხაზს გადაკვეთ, ეგაა მიზანი – არ აქვს მნიშვნელობა გაჩერდები თუ სხვადასხვა ნაწილად დაიშლები.”

ვიზუალურად საინტერესო იყო 400 მეტრზე მორბენალი პეკინური კომპანიის, X-Humanoid-ის რობოტი, რომელიც სირბილისას სახეზე ხელებს იფარებდა. ეს უცნაური პოზა მან სიმულაციაში Reinforcement Learning-ის საშუალებით გამოიმუშავა.

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უნივერსალური, დამოუკიდებელი მუშებისგან ჯერ ისევ შორს ვართ. ბევრი რობოტი მაღალი ავტონომიისთვის საჭირო AI გამოთვლებს პირდაპირ მოწყობილობაში არ აკეთებდა – ამის ნაცვლად ისინი მონაცემებს ღრუბელში აგზავნიდნენ და 5G მოდულით იღებდნენ შემდეგ ინსტრუქციებს. ზოგიერთი დავალება სრულად დისტანციურად იმართებოდა (რისთვისაც გუნდებს ქულები აკლდებოდათ), თუმცა ტანვარჯიში, ფეხბურთი, ბაგირის გადათრევა, მაგიდის ჩოგბურთი და სირბილის ნაწილი ავტონომიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

“ზოგიერთ კომპანიას სხვადასხვა თამაშისთვის თუ ამოცანისთვის განსხვავებული ტიპის რობოტები ჰყავდა, რადგან ისინი კონკრეტულად ამ ამოცანის საუკეთესოდ შესასრულებლად დააპროექტეს,” – აღნიშნავს პატელი და ამატებს, რომ “ალგორითმული განვითარება ძალიან უნდა დავაჩქაროთ, რომ რეალურად დავინახოთ რობოტი, რომელსაც განზოგადება და ნებისმიერ შემთხვევით გარემოში რვასაათიანი სამუშაო ცვლის შესრულება შეეძლება.”

პრაქტიკულ საქმეებში რობოტების ტემპი საგრძნობლად დაეცა. სარეცხის გაფენა, ტანსაცმლის დაკეცვა, ოთახის დალაგება, ბიბლიოთეკაში წიგნების დაწყობა, ლურსმნის ჩაჭედება თუ ლობიოს მარცვლების გადარჩევა ადამიანის ტიპურ სამუშაო სიჩქარეზე ბევრად ნელა სრულდებოდა. Beijing Continental Grand Hotel-ში რობოტებს ბარგის ტარება და ნომერში მარაგების შევსება ევალებოდათ, ხოლო ხანძრის ჩაქრობის რთულ სიმულაციაში (სადაც 3 სარქველის გადაკეტვა და ცეცხლმაქრის გამოყენება იყო საჭირო) 12 გუნდიდან დავალება 30 წუთში მხოლოდ სამმა დაასრულა.

ჩემპიონატზე ჩინური დომინაცია აბსოლუტური იყო – 666 გუნდიდან 641 ადგილობრივ კომპანიებსა (157) და უნივერსიტეტებს (200) წარმოადგენდა. მედლების ცხრილი თითქმის სრულად ჩინურმა AgiBot-მა და Tien Kung-მა გადაინაწილეს. ტურნირზე მონაწილეობა არ მიუღიათ ისეთ დასავლურ გიგანტებს, როგორებიც არიან Tesla, Boston Dynamics და Figure. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2025 წელს ინვესტორებმა ჰუმანოიდების კომპანიებში 6 მილიარდ დოლარზე მეტი ჩადეს.

მესამე თამაშების ჩატარების თარიღი ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ აპრილში პეკინი ჰუმანოიდების ნახევარმარათონს უმასპინძლებს. პარალელურად კი, ჩინეთში მომავალ წელს პირველი სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომელსაც სრულად რობოტები მოემსახურებიან.

წყარო: The Verge, Ars Technica