ოთხ, 16 სექ, 2026
ახალი ინტერაქტიული ქვიზები დაემატა საიტს — შეამოწმე შენი ცოდნა. ნახვა →
ინდუსტრია

ხელოვნური ინტელექტი ვეღარ დაგინახავთ – როგორ გვაქრობს კამერებიდან ერთი ჰავაური პერანგი

თუ ქუჩაში ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი კამერის წინ გაივლით, ალგორითმი ეკრანზე მწვანე ჩარჩოში მოგაქცევთ და წამებში ამოგიცნობთ, როგორც ადამიანს. თანამედროვე ქალაქებში პირადი სივრცე...

თუ ქუჩაში ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი კამერის წინ გაივლით, ალგორითმი ეკრანზე მწვანე ჩარჩოში მოგაქცევთ და წამებში ამოგიცნობთ, როგორც ადამიანს. თანამედროვე ქალაქებში პირადი სივრცე სულ უფრო მცირდება, თუმცა, ბერლინელმა ციფრულმა არტისტმა, საიმონ ვეკერტმა შექმნა უჩვეულო ჰავაური პერანგი, რომელიც კომპიუტერულ ხედვას სრულად აბნევს და სისტემისთვის უხილავს გხდით.

ვეკერტს მსგავსი ტექნოლოგიური ექსპერიმენტები და სისტემის მანიპულაცია არ ეშლება. სწორედ ის არის ავტორი ცნობილი პერფორმანსისა, როცა პატარა ურიკით 99 სმარტფონი ატარა, რითაც Google-ის რუკის ალგორითმი მოატყუა და ცარიელ ქუჩაში არარსებული, წითელი დონის საცობი შექმნა. ახლა მისი მთავარი სამიზნე ქუჩის AI ვიდეომეთვალყურეობაა. არტისტის ახალ კონცეპტუალურ კოლექციას Digital Camouflage ჰქვია.

ადამიანის თვალისთვის ეს უბრალოდ მკვეთრი ფერებითა და ექსცენტრიკული ფორმებით გაფორმებული, ოდნავ უცნაური პერანგია. AI მოდელისთვის კი ის საერთოდ არაფერს წარმოადგენს – ალგორითმი ტექსტურას ვერ კითხულობს და კამერაში ადამიანი უბრალოდ ქრება.

ეს პროექტი კონკრეტულ მოვლენას უკავშირდება. ბერლინში, კოტბუსერის კარიბჭესთან უსაფრთხოების მიზნით AI ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ინსტალაცია იგეგმება. პერანგიც სწორედ ამ საყოველთაო კონტროლის საპასუხოდ შეიქმნა. თუმცა, მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ სამოსი უშუალოდ ბერლინის პოლიციის კამერებზე არ დაუტესტავთ. არტისტმა საჯარო დემონსტრაციისთვის ღია კოდის მქონე ობიექტების ამოცნობის ცნობილი სისტემა – Yolo გამოიყენა. Yolo ობიექტებს რეალურ დროში აფიქსირებს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სწრაფი მოდელია, რაც ექსპერიმენტის შედეგებს უფრო დამაჯერებელს ხდის.

როგორ მუშაობს სისტემა და რატომ ბრმავდება AI? კომპიუტერული მოდელები ადამიანს ვიზუალური სტატისტიკის მიხედვით ცნობენ. ისინი აკვირდებიან თავისა და მხრების სილუეტს, კიდურებისა და ტორსის პროპორციებს. ვეკერტი მიხვდა, რომ სწორედ მონაცემთა ეს ერთობლიობა იყო ალგორითმის ყველაზე სუსტი წერტილი.

„AI სისტემები მრავალი შრისგან შედგება და არასდროს უსწავლიათ, რა არის ადამიანი – მათ ისწავლეს, თუ როგორ გამოიყურებიან ადამიანები სტატისტიკურად მილიონობით სატრენინგო ფოტოზე“, – ხსნის საიმონ ვეკერტი.

პერანგზე დატანილი ფერებისა და ტექსტურების სპეციფიკური კომბინაცია სისტემას პირდაპირ აბნევს.

„გაჯერებული ფერების გადასვლები ქსელის ადრეულ შრეებში ძლიერ რეაქციას იწვევს, გადამფარავი ფორმები კი სხეულის კონტურის უწყვეტობას არღვევს, ამიტომ დეტექტორი ნაწილებს ერთ ფიგურად ვეღარ კრავს“, – ამბობს არტისტი.

ეს პატერნი იმდენად რთულია, რომ ის დეტექტორის ალგორითმს ბლოკავს. ვეკერტის თქმით: „პატერნი არსებითად ახშობს იმ ჩუმ სტატისტიკურ ჩურჩულს, რომელიც ამბობს – ‘ადამიანი’. ადამიანისთვის ეს თითქმის ჰიპნოზური ქსოვილია, AI მოდელისთვის კი – არაფერი“.

ყველაზე საინტერესო დიზაინის შექმნის პროცესია. ადამიანს არ შეეძლო გამოეცნო, რა დააბრმავებდა ალგორითმს, ამიტომ ავტორმა სხვა ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა. პროცესი ციკლური იყო და მანქანური დასწავლის მოდელები ერთმანეთთან ჭიდილში იხვეწებოდნენ.

„ეს აუცილებელი იყო, რადგან მანქანის ბრმა ზონები ადამიანისთვის ინტუიციური არ არის. შენ ვერ შექმნი დიზაინს მანქანური აღქმის საწინააღმდეგოდ მხოლოდ თვალით, მხოლოდ მანქანას შეუძლია გითხრას, რას ვერ ხედავს. ამაში პოეტური სიმეტრიაცაა: AI-ს იმავე კლასმა, რომელიც მოედანს აკვირდება, პერანგს დამალვა ასწავლა“, – აღნიშნავს ვეკერტი.

ვიდეო: Simon Weckert, Digital Camouflage.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ეს არ არის მასიური მოხმარების პროდუქტი და მას მაღაზიებში ვერ იყიდით. ეს კონცეპტუალური ტანსაცმელია, რომელიც ლატვიაში დამზადდა. ქსოვილი 65% გადამუშავებულ პოლიესტერს და 35% სტანდარტულ პოლიესტერს შეიცავს. პრინტი ციფრული ტექსტილის ბეჭდვით არის დატანილი. წინა წლების ექსპერიმენტებისგან განსხვავებით, სადაც ტანსაცმელზე პატარა დაბეჭდილ პატერნებს აკერებდნენ, აქ ტექსტურა მთლიან პერანგს ფარავს. შესაბამისად, ქსოვილის ნაოჭები და კამერის მოძრაობის კუთხე ილუზიას არ არღვევს და პერანგი თავის ფუნქციას იდეალურად ასრულებს.

წყარო: Dezeen, PetaPixel, Designboom