ოთხ, 21 ოქტ, 2026
ახალი ინტერაქტიული ქვიზები დაემატა საიტს — შეამოწმე შენი ცოდნა. ნახვა →
გაჯეტები

ნორვეგია ჭკვიან სათვალეებს საჯარო სივრცეებში დროებით კრძალავს

პარკში სეირნობისას, საცურაო აუზზე ან სკოლის ეზოში ადამიანები ხშირად ვერც კი ამჩნევენ, რომ მათი ყოველი ნაბიჯი შეიძლება ვინმეს სათვალემ ჩაიწეროს. სწორედ ფარული...

პარკში სეირნობისას, საცურაო აუზზე ან სკოლის ეზოში ადამიანები ხშირად ვერც კი ამჩნევენ, რომ მათი ყოველი ნაბიჯი შეიძლება ვინმეს სათვალემ ჩაიწეროს. სწორედ ფარული მეთვალყურეობის შიშმა აიძულა ნორვეგიის მთავრობა, სხეულზე სატარებელი ახალი ტექნოლოგიების წინააღმდეგ მკაცრი ზომები მიეღო.

ნორვეგიის დიგიტალიზაციისა და საჯარო მმართველობის სამინისტრომ 5 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ შერჩეულ საჯარო სივრცეებში ხელოვნური ინტელექტის მქონე სათვალეების გამოყენების დროებით აკრძალვას გეგმავს. მთავრობის განმარტებით, ეს ტექნოლოგიის სრულად აკრძალვას არ ნიშნავს. კერძო სივრცეებში და ისეთ ადგილებში, სადაც სხვების უნებართვოდ ფოტოს ან ვიდეოს გადაღების რისკი არ არსებობს, მსგავსი სათვალეების ტარება კვლავ ნებადართული იქნება. პარალელურად, მთავრობა ექსპერტთა ჯგუფს შექმნის, რომელიც სხეულზე სატარებელი ტექნოლოგიების მუდმივ ეროვნულ რეგულაციებზე იმუშავებს.

სად იმოქმედებს შეზღუდვები

მთავრობის მიერ გამოქვეყნებული პოტენციური სივრცეების სია საკმაოდ ვრცელია. პირველ რიგში, შეზღუდვა შეიძლება შეეხოს ხალხმრავალ ადგილებს. მათ შორისაა პარკები, პლაჟები, მუზეუმები, სავაჭრო ცენტრები, გასართობი პარკები და სპორტული თუ კულტურული ღონისძიებები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვების დაცვას, ამიტომ სიაში მოხვდა სკოლები, საბავშვო ბაღები, სათამაშო მოედნები და ახალგაზრდული კლუბები. უწყების ცნობით, შესაძლოა, ეს წესი უნივერსიტეტებსა და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზეც გავრცელდეს.

გარდა ამისა, აკრძალვა შეეხება ისეთ პირად და მგრძნობიარე სივრცეებს, როგორიცაა ჯანდაცვის დაწესებულებები და ექიმის კაბინეტები, ასევე საცურაო აუზები, სპორტდარბაზები და ყველა სხვა ადგილი, სადაც გამოსაცვლელი ოთახები და საშხაპეებია განთავსებული. კანონპროექტი გარკვეულ გამონაკლისებსაც ითვალისწინებს მოწყვლადი ჯგუფებისა და სოციალურად სასარგებლო მიზნებისთვის. ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, ზუსტად რომელ ტექნოლოგიებს დაფარავს კანონი. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ კამერისა და აუდიოს მქონე სათვალეები, კამერისა და ხელოვნური ინტელექტის მქონე მოდელები ან ზოგადად სხეულზე სატარებელი ყველა ის მოწყობილობა, რომელსაც მიკროფონი ან კამერა აქვს.

Ray-Ban Meta smart glasses, photo 1
ფოტო: CCadio, Tessa Bury / Wikimedia Commons (CC BY 4.0)

მინისტრ ტორგეირ მიკაელსენის თქმით, მას აწუხებს ის ფაქტი, რომ ახალი, ძლიერი ტექნოლოგია ინერგება იქ, სადაც ადამიანები საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ფოტოს, ვიდეოს ან აუდიოს ჩაწერის ობიექტები შეიძლება გახდნენ.

„ჩვენ არ გვსურს ისეთი საზოგადოება, სადაც ადამიანებს მუდმივად ეშინიათ იმ ადგილებში ფარულად გადაღების, სადაც ისტორიულად მეთვალყურეობის გარეშე ყოფნას იყვნენ მიჩვეულნი“, აღნიშნა მინისტრმა. სამინისტროს განცხადების თანახმად, მსგავსმა გარემომ შეიძლება ადამიანებში უსაფრთხოების განცდა გააქროს და ისინი საზოგადოებისგან იზოლირებული გახადოს.

საერთაშორისო პრაქტიკა

მთავრობა კანონპროექტს ქვეყნის პარლამენტს, ანუ სტორტინგს, უახლოეს მომავალში წარუდგენს და ეს პროცესი მათთვის მაღალ პრიორიტეტს წარმოადგენს. თუმცა, რადგან მმართველი ლეიბორისტული პარტია უმცირესობაშია, კანონის მისაღებად სხვა პარტიების მხარდაჭერაც აუცილებელი იქნება.

ამ ფონზე, 2023 წლის დასაწყისიდან Meta-მ 9 მილიონზე მეტი Ray-Ban-ის ჭკვიანი სათვალე გაყიდა. ეს სათვალეები მომხმარებელს ფოტოების გადაღების, დარეკვის, მუსიკის მოსმენისა და ხელოვნური ინტელექტის ბრძანებების გაცემის საშუალებას აძლევს. კამერიანი სათვალეების ფარულად გამოყენების პრობლემა სხვა ქვეყნებშიც მწვავედ დგას. მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში სასამართლო დარბაზები, ზოგიერთი პაბი, კინოთეატრი და რესტორანი უკვე ზღუდავს მათ გამოყენებას.

საფრანგეთში კი ბავშვთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ წელს 20 საჩივარი მიიღო ქალებისგან, რომლებსაც კამერიანი სათვალეებით უნებართვოდ უღებდნენ. კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა გასულ კვირას ვეტო დაადო კანონპროექტს, რომელიც გამოსაცვლელ ოთახებსა და ექიმის კაბინეტებში ადამიანების უნებართვოდ გადაღებისთვის ჯარიმებს ითვალისწინებდა.

Meta-მ კრიტიკას უკვე უპასუხა და განმარტა, რომ ყველა მოდელს წინა მხარეს კაშკაშა ნათურა აქვს, რომელიც ფოტოების ან ვიდეოების გადაღებისას ციმციმებს და მისი გამორთვა შეუძლებელია. კომპანიის თქმით, თუ მომხმარებელი ნათურას დაფარავს, კამერა ავტომატურად ითიშება. თუმცა, ნორვეგია მაინც გეგმავს, გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კამერიანი სათვალეების ტარების ადგილებს საკანონმდებლო დონეზე შეზღუდავს.

წყარო: Regjeringen.no | The Guardian