ოთხ, 21 ოქტ, 2026
ახალი ინტერაქტიული ქვიზები დაემატა საიტს — შეამოწმე შენი ცოდნა. ნახვა →
გაჯეტები

Ghost-ი ადგილობრივი AI აგენტებისთვის 3499-დოლარიან კომპიუტერ Core-ს უშვებს.

ღრუბლოვანი სერვისების ეპოქაში პერსონალური მონაცემების მესამე მხარისთვის გადაცემა ბევრისთვის კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება, რადგან კომპანიები ჩვენს პირად ინფორმაციას საკუთარ სერვერებზე ამუშავებენ. სან-ფრანცისკოში...

ღრუბლოვანი სერვისების ეპოქაში პერსონალური მონაცემების მესამე მხარისთვის გადაცემა ბევრისთვის კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება, რადგან კომპანიები ჩვენს პირად ინფორმაციას საკუთარ სერვერებზე ამუშავებენ. სან-ფრანცისკოში დაფუძნებული სტარტაპი ამ საკითხის მოგვარებას ფიზიკური, ადგილობრივი აპარატურით ცდილობს, რომელიც მომხმარებლის სახლში დაიდებს ბინას და მუდმივად ჩართული იქნება.

ცხრამეტი წლის ზაინ ჯავაიდის მიერ დაფუძნებულმა კომპანია Ghost-მა, ერთწლიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, სტელს-რეჟიმიდან გამოსვლა და სრულიად განსხვავებული პროდუქტის წარდგენა გადაწყვიტა. ჯავაიდს თავდაპირველად ფინანსურ ანალიტიკოსად მუშაობა სურდა და მუშაობდა კიდეც, თუმცა ეს პროცესი მოსაწყენი აღმოჩნდა. 2022 წელს ChatGPT-ის გამოსვლამ კი მასზე დიდი გავლენა მოახდინა. ახალგაზრდულმა გუნდმა, რომელშიც ასევე ნიკოლას ჩუა, იფეი ჩენი და გაუტამ შარდა შედიან, Andreessen Horowitz-ის ლიდერობით, 11 მილიონი დოლარის საწყისი ინვესტიცია მოიზიდა. პროექტს მხარი ასევე დაუჭირეს Abstract-მა, Audacious Ventures-მა, SV Angel-მა და Nova-მ. მათი მთავარი ქმნილება Core გახლავთ. ეს არის სპეციალიზებული კომპიუტერი, რომელიც მხოლოდ პერსონალური ხელოვნური ინტელექტის აგენტების უწყვეტ რეჟიმში გასაშვებად შეიქმნა და მომხმარებლის პირად მონაცემებს ადგილობრივად ამუშავებს.

მოწყობილობას ეკრანი საერთოდ არ აქვს და ერთგვარ ყუთში მოთავსებულ გონებას წარმოადგენს. Core პირდაპირ უკავშირდება თქვენს სამუშაო მაგიდას, აპლიკაციებსა და ჭკვიანი სახლის სისტემებს. აპარატურული თვალსაზრისით, კომპიუტერი საკმაოდ მძლავრია: მასში ინტეგრირებულია 24-გიგაბაიტიანი NVIDIA RTX PRO 4000 Blackwell SFF გრაფიკული პროცესორი, რომელიც წამში 432 გიგაბაიტ გამტარუნარიანობას უზრუნველყოფს. სისტემას 64 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 1-ტერაბაიტიანი მყარი დისკი აქვს. კომპიუტერის ფასი 3499 დოლარია. პირველი პარტიის წინასწარი შეკვეთები 5 ოქტომბერს დაიწყო და მიწოდება ოქტომბრის ბოლო კვირიდან იგეგმება. ტრადიციული პერსონალური კომპიუტერებისგან განსხვავებით, მასთან კომუნიკაცია მხოლოდ მობილური ან დესკტოპ-აპლიკაციის საშუალებით ხდება, ხმოვანი რეჟიმიც სწორედ აპლიკაციით მუშაობს და არა უშუალოდ ყუთით. მოწყობილობა კომპანიის სან-ფრანცისკოს საწარმოში იწყობა. კომპანია მომხმარებლებს ერთწლიან გარანტიასა და ოცდაათდღიან დაბრუნების პოლიტიკას სთავაზობს, პირველი პარტიის ტრანსპორტირება კი სრულიად უფასოა.

მონაცემთა სრული კონტროლი

კომპიუტერს წინასწარ დაინსტალირებული აქვს Qwen-3.8-Next, Qwen-3.8-27B და Gemma-4-31B მოდელები, თუმცა მომხმარებლებს Hugging Face-დან სხვა მოდელების ჩამოტვირთვა ან საკუთარის ატვირთვაც შეუძლიათ. მოდელების განახლება, Tesla-ს სისტემის მსგავსად, უსადენოდ ხორციელდება. მთავარი უპირატესობა ისაა, რომ Core ლოკალურად მუშაობს და ყოველთვიურ სააბონენტო გადასახადს არ მოითხოვს.

Ghost Core personal AI computer, photo 1
ფოტო: Ghost

„მომხმარებელი ფლობს ყველაფერს. როგორც კი ტექნიკას შეიძენთ, ყველაფერი ინახება, ეშვება და მუშავდება თავად მოწყობილობაში”, აღნიშნავს ზაინ ჯავაიდი. მისივე თქმით, მთელი კოდი, ლოგიკა და მოდელების წონები მოწყობილობაში ინახება და არა სერვისებში. პირადი მონაცემები შიფრულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათზე წვდომას ვერც ღრუბლოვანი პროვაიდერები და ვერც თავად Ghost მიიღებენ. სისტემა შექმნილია ისე, რომ კომპანიის დახურვის შემთხვევაშიც განაგრძობს მუშაობას. ამასთან, დეველოპმენტის პროცესში მყოფი ფაიერვოლი აკონტროლებს ქსელის ყველა გამავალ მოთხოვნასა და მონაცემების გაჟონვის მცდელობას, საეჭვო ქმედებებს კი მომხმარებლისთვის შეტყობინების გაგზავნით ბლოკავს.

რატომ არა Mac Mini

ჯავაიდის თქმით, მოდელების არსებულ აპარატურაზე გაშვება შესაძლებელია, მაგრამ ეს გამოცდილება ბევრ დონეზე საშინელია. Core კონკრეტულად ხელოვნური ინტელექტის აგენტებისთვის შეიქმნა და შესაბამისი მოდელებიც წინასწარ არის ჩაწერილი, მაშინ, როცა Mac Mini ზოგადი დანიშნულების მოწყობილობაა. Apple-თან კონკურენციაზე საუბრისას, ჯავაიდი აღნიშნავს, რომ თუ ისინი მიზანს ვერ მიაღწევენ, ამის მიზეზი Apple არ იქნება.

სისტემის პრაქტიკული შესაძლებლობების ასახსნელად, დამფუძნებელს კონკრეტული მაგალითი მოჰყავს. „Core პროაქტიულად გიგზავნით შეტყობინებას, რომ შესაძლოა, ავად ხდებით, რადგან ხედავს თქვენი გულისცემის აჩქარებას; კომპიუტერის ისტორიიდან იცის, რომ გვიანობამდე მუშაობდით და გააჩნია სეზონური კონტექსტი, რომ სან-ფრანცისკოში გრიპის სეზონია”, აღნიშნავს იგი. რა თქმა უნდა, ეს ჯერჯერობით მხოლოდ კომპანიის განცხადებებია და 3499-დოლარიანი მოწყობილობის დამოუკიდებელი მიმოხილვები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

გრაფიკული პროცესორი NVIDIA RTX PRO 4000 Blackwell SFF
ვიდეო მეხსიერება 24 GB GDDR7 ECC
გამტარუნარიანობა 432 GB/s
ოპერატიული მეხსიერება 64 GB DDR5
შიდა მეხსიერება 1 TB NVMe SSD
ფასი $3499
გარანტია 1 წელი

ფოტო: Ghost

წყარო: TechCrunch | Ghost