ოთხ, 16 სექ, 2026
ახალი ინტერაქტიული ქვიზები დაემატა საიტს — შეამოწმე შენი ცოდნა. ნახვა →
აპარატურული უზრუნველყოფა

ორჯერ ნაკლები ენერგია: Fujitsu-მ იაპონიაში შექმნილი 2-ნანომეტრიანი პროცესორი წარადგინა.

ხელოვნური ინტელექტის ბუმმა მონაცემთა ცენტრები უზარმაზარი ენერგომოთხოვნის წინაშე დააყენა. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, კომპანია Fujitsu-მ ოფიციალურად წარადგინა ახალი თაობის CPU, FUJITSU-MONAKA, რომელიც...

ხელოვნური ინტელექტის ბუმმა მონაცემთა ცენტრები უზარმაზარი ენერგომოთხოვნის წინაშე დააყენა. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, კომპანია Fujitsu-მ ოფიციალურად წარადგინა ახალი თაობის CPU, FUJITSU-MONAKA, რომელიც სრულად იაპონიაშია დაპროექტებული და შექმნილი. სიახლე განსაკუთრებით საინტერესოა ტექნოლოგიური და საინჟინრო-დიზაინერული კუთხით, რადგან აქცენტი უშუალოდ მწვანე მონაცემთა ცენტრებსა და ენერგოეფექტიანობაზე კეთდება.

FUJITSU-MONAKA იყენებს 3D-სტეკურ დიზაინს, სადაც ბირთვებისთვის 2-ნანომეტრიანი ტექნოპროცესია გამოყენებული, ხოლო ქეშისა და I/O-სთვის, 5-ნანომეტრიანი არქიტექტურა. ამას ემატება Fujitsu-ს ულტრადაბალი ძაბვის ტექნოლოგია, მაქსიმალური 3.8 გჰც სამუშაო სიხშირე და მეხსიერების მონაცემთა გადაცემის 8800 მტ/წმ (MT/s) სიჩქარე. პროცესორის ტექნოლოგიური საფუძვლის ნაწილი იაპონიის NEDO-ს მიერ სუბსიდირებული მწვანე მონაცემთა ცენტრების პროექტიდან მომდინარეობს.

მთავარი ინტრიგა ხელოვნური ინტელექტის ამოცანებს უკავშირდება. თავად Fujitsu-ს განცხადებით, MONAKA-ს სხვა CPU-ებთან შედარებით დაახლოებით ორჯერ მეტი AI დასკვნის (inference) წარმადობა აქვს. კომპანიის მტკიცებით, იდენტური AI დატვირთვისას შესაძლებელია სერვერების რაოდენობისა და ენერგომოხმარების თითქმის განახევრება. პროცესორს გააჩნია მატრიცული ოპერაციების აპარატურული აქსელერაცია, SVE2 ვექტორული გამოთვლები და Arm CCA-ზე დაფუძნებული კონფიდენციალური უსაფრთხოების მხარდაჭერა.

ცალკე პროდუქტად პროცესორის გლობალური გაყიდვები ღრუბლოვანი სერვისების ოპერატორებისთვის, მონაცემთა ცენტრებისა და სერვერების მწარმოებლებისთვის 2026 წლის ნოემბერში დაიწყება. იმავე თვიდან იაპონიასა და ევროპაში ხელმისაწვდომი გახდება Fujitsu MONAKA Server-ის მზა სისტემები. ეს სერვერები გამიზნულია როგორც ბიზნესებისთვის, ისე აკადემიური HPC კვლევებისთვის, თავდაცვის სექტორისა და სუვერენული გამოყენებისთვის. აღსანიშნავია, რომ სისტემები იაპონიაში, Fujitsu-ს Kasashima-ს ქარხანაში იწარმოება და მიწოდების ჯაჭვის სრული გამჭვირვალობა სუვერენული AI-ის სტანდარტებს ერგება.

სისტემები თავდაპირველად ორ ფორმ-ფაქტორში გამოვა: 2U ორპროცესორიანი ვერსია და 1U კომპაქტური სერვერი ერთი ან ორი პროცესორით. 1U მოდელი ჰაერით გაგრილებას გარემოს 40°C ტემპერატურამდე უძლებს, წყლით გაგრილებისას კი, 45°C-მდე. გარკვეულ სცენარებში, სპეციალურ გაგრილებასთან შედარებით, Fujitsu გაგრილების ენერგიის 80%-მდე დაზოგვას გვპირდება. ამასთანავე, 1U მოდელს აქვს CDI/CXL ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რაც მეხსიერებისა და აქსელერატორების სერვერის მიღმა გაერთიანების შესაძლებლობას იძლევა.

პროგრამულ ეკოსისტემაში სერვერები ინტეგრირდება Kozuchi-ს AI პლატფორმასთან და Takane-ს კორპორაციულ გენერაციულ მოდელებთან. სამომავლო გეგმების მიხედვით, 2026 ფისკალური წლის მეოთხე კვარტალიდან ჩიპების გაყიდვები აშშ-სა და APAC-ის რეგიონში გაფართოვდება. სერვერების მასშტაბური მიწოდება ფინანსური, სატელეკომუნიკაციო და საწარმოო სექტორებისთვის 2027 წლის აპრილიდან ეტაპობრივად გაგრძელდება, პერსპექტივაში კი რობოტიზებული მომსახურების მქონე და მაღალი სიმკვრივის AI სერვერების გამოშვება იგეგმება.

წყარო: Fujitsu launches FUJITSU-MONAKA and Fujitsu MONAKA Server (JCN Newswire, Sep 14, 2026), FUJITSU-MONAKA research page (Fujitsu Global), Fujitsu to export AI chips… to US, Asia (Nikkei Asia, Sep 13, 2026), Fujitsu to Re-enter Global Market with AI Semiconductors… Super Micro supply (Asia Business Daily, Sep 13, 2026), Fujitsu and Supermicro strategic collaboration for MONAKA platforms (Supermicro, Oct 3, 2024), Same collaboration (PR Newswire)