ლონდონის ფინანსური ცენტრის, კენერი უორფის (Canary Wharf) ტროტუარებზე ფეხით მოსიარულეებს მალე ოთხბორბლიანი ავტონომიური კურიერები შეუერთდებიან. ლოს-ანჯელესში დაფუძნებულმა სტარტაპმა Coco Robotics-მა და ბრიტანულმა პლატფორმა Deliveroo-მ ექსკლუზიური პარტნიორობა გააფორმეს.
2026 წლის ოქტომბრიდან ქალაქში საკვების მიტანას სრულად ელექტრო რობოტები დაიწყებენ. ეს Deliveroo-სთვის დიდ ბრიტანეთში ავტონომიური მიტანის სერვისის გამოყენების პირველი შემთხვევაა, Coco-სთვის კი ეს ბრიტანულ ბაზარზე დებიუტია. კომპანიების წარმომადგენლების თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია და ქსელის გაფართოება მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება. ცნობილია, რომ Coco ამჟამად ლონდონისა და ბრიტანეთის სხვა მუნიციპალიტეტებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს ახალ რაიონებში შესვლის თაობაზე.
როგორ მუშაობს ავტონომიური მიტანა
Coco-ს სრულად ელექტრო რობოტები ქვეითების სიჩქარით მოძრაობენ. თითოეული მოწყობილობა აღჭურვილია კამერებით, სენსორებითა და ნავიგაციის ხელოვნური ინტელექტით. მნიშვნელოვანია, რომ მონაცემების დამუშავება პირდაპირ რობოტში ხდება და მუშაობის პროცესი ღრუბლოვან სერვერებზე დამოკიდებული არ არის. მიუხედავად ავტონომიურობისა, თითოეულ რობოტს სპეციალურად გადამზადებული ოპერატორები მეთვალყურეობენ, ხოლო სპეციალური პროგრამა სხვადასხვა ლოკაციაზე სიჩქარის ლიმიტებსა და მარშრუტებს ადგილობრივი წესების მიხედვით აკონტროლებს.
ოქტომბერში რობოტები Wood Wharf-ის ტერიტორიაზე მოემსახურებიან ისეთ ობიექტებს, როგორებიცაა Patty&Bun, საოჯახო საცხობი Signorelli და კაფე-რესტორანი Beam. უახლოეს კვირებსა და თვეებში პარტნიორთა სიას დაემატება Ole & Steen, Royal China და Din Tai Fung, ხოლო რობოტები მილტონ კინზის, ლიდსის, სტოკტონისა და ნოტინგემის ქუჩებშიც გამოჩნდებიან. მილტონ კინზში ისინი რესტორან Smoke and Pepper-საც მოემსახურებიან.
საინტერესოა, რომ ახალი ტექნოლოგია ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაშიც იღებს მონაწილეობას. რობოტები ქუჩებში არსებული დაბრკოლებების, მაგალითად, მიტოვებული ელექტრო სკუტერების ან სარემონტო სამუშაოების შესახებ რეალურ დროში აგროვებენ მონაცემებს და აპლიკაცია BlindSquare-ს უზიარებენ. ეს უსინათლო და მცირემხედველ ადამიანებს უსაფრთხოდ გადაადგილებაში ეხმარება.
„Coco-ს რობოტები უბრალოდ კი არ იყენებენ ტროტუარს, ისინი მას ყველასთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდიან“, აღნიშნავს BlindSquare-ის დამფუძნებელი ილკა პირტიმაა (Ilkka Pirttimaa).
სტრატეგიული გაფართოება
შეკვეთების უდიდეს ნაწილს კვლავ Deliveroo-ს კურიერები მიიტანენ. ახალი მოწყობილობები ძირითადად ქალაქის ცენტრებში, მოკლე მანძილზე ტრანსპორტირებისთვის არის განკუთვნილი. Deliveroo-ს ჯერ არ დაუკონკრეტებია, შეკვეთების რა ნაწილს შეასრულებენ ავტონომიური რობოტები, თუმცა ცნობილია, რომ პროექტი ადგილობრივ ბაზარზე ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის ოპერაციების, ტექნიკური მომსახურებისა და ლოჯისტიკის მიმართულებით, ასევე აშენდება ახალი დეპოები და დამტენი სადგურები.
Deliveroo 2013 წელს უილიამ შუმ (William Shu) და გრეგ ორლოვსკიმ (Greg Orlowski) დააარსეს. 2025 წლიდან ის ამერიკული DoorDash-ის ნაწილია, რომელიც დღეს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და Deliveroo-სთან ერთად მუშაობს.
„ლონდონი ის ადგილია, სადაც Deliveroo დაიბადა, ამიტომ ლოგიკურია, რომ ჩვენს პირველ ავტონომიურ მიტანის სერვისს დიდ ბრიტანეთში Coco Robotics-თან ერთად სწორედ აქ ვიწყებთ“, აცხადებს Deliveroo-ს აღმასრულებელი დირექტორი და DoorDash International-ის ხელმძღვანელი მიკი კუუსი (Miki Kuusi).
მხარეების თანამშრომლობა ახალი არ არის. DoorDash და Wolt ამ რობოტებს უკვე იყენებენ ლოს-ანჯელესში, სან-ხოსეში, ჩიკაგოში, მაიამიში, ვაშინგტონსა და ჰელსინკიში. გარდა ამისა, DoorDash-ს ფინიქსის ტერიტორიაზე საკუთარი რობოტი, სახელად Dot-იც ჰყავს. Coco Robotics-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი ზაქ რაში (Zach Rash) აღნიშნავს, რომ კომპანია მოხარულია ამ პარტნიორობის დიდ ბრიტანეთში გაფართოებით. Coco 2020 წელს დაარსდა და დღემდე ამერიკასა და ევროპაში 4500-ზე მეტი რესტორნისთვის ნულოვანი ემისიის მქონე 500 000-ზე მეტი შეკვეთა აქვს შესრულებული.
ბრიტანეთისთვის რობოტი-კურიერები სრულიად ახალი მოვლენა არ არის, რადგან გამოცემა The Next Web-ის მონაცემებით, მილტონ კინზში 2018 წლის აპრილიდან უკვე მუშაობენ კომპანია Starship-ის რობოტები, რომლებსაც გლობალურად 7 ქვეყნის 270 ლოკაციაზე ცხრა მილიონზე მეტი მიტანა აქვთ შესრულებული.
| გაშვების დრო და ადგილი | Oct 2026 Canary Wharf |
| ლოკაციები | 5 UK locations |
| სიჩქარე | walking pace |
| კვება | fully electric |
| Coco-ს შესრულებული შეკვეთები | 500,000+ |
წყარო: Coco Robotics / Deliveroo | The Next Web

