ხუთ, 22 ოქტ, 2026
ახალი ინტერაქტიული ქვიზები დაემატა საიტს — შეამოწმე შენი ცოდნა. ნახვა →
გაჯეტები

Keurig-მა წარმოადგინა აპარატი Alta, რომელიც პლასტმასის კაფსულებს ყავის დისკოებით ანაცვლებს

ერთჯერადი გამოყენების კაფსულიანი აპარატები კომფორტთან, მაგრამ, ამავდროულად, პლასტმასისა და ალუმინის ნარჩენებთან ასოცირდება. ტრადიციული K-Cups კაფსულები გარემოსთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. კომპანია Keurig ამ...

ერთჯერადი გამოყენების კაფსულიანი აპარატები კომფორტთან, მაგრამ, ამავდროულად, პლასტმასისა და ალუმინის ნარჩენებთან ასოცირდება. ტრადიციული K-Cups კაფსულები გარემოსთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. კომპანია Keurig ამ პრობლემის საპასუხოდ ახალ მიდგომას გვთავაზობს. ბრენდმა მოწყობილობა Keurig Alta წარმოადგინა, რომელიც პლასტმასის კაფსულების გარეშე მუშაობს. ახალი აპარატი მათთვის შეიქმნა, ვისაც ეკოლოგიაზე ზრუნვა და ყავის მომზადება ერთდროულად სურს.

წყალმცენარეების საფარი კაფსულის ნაცვლად

ახალი აპარატი ალუმინის ან პლასტმასის ტრადიციული კონტეინერების ნაცვლად AltaRounds სისტემას იყენებს. ეს არის დაპრესილი, წვრილად დაფქული ყავის მრგვალი დისკოები. თითოეული მათგანი წყალმცენარეებისგან მიღებულ მცენარეულ საფარშია მოთავსებული. ეს მასალა ასი პროცენტით ექვემდებარება კომპოსტირებას. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ყავის დისკოები ეკოლოგიურად სუფთაა, სიახლისა და არომატის შესანარჩუნებლად, ისინი ამჟამად პლასტმასის ინდივიდუალურ შეფუთვაში იყიდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ მუშაობენ, რათა უახლოეს მომავალში ეს პლასტმასის შეფუთვა სრულად ქაღალდით ჩანაცვლდეს. თავად Keurig Alta, კონცეფციის სახით, პირველად ორი წლის წინ წარმოადგინეს, თუმცა ბაზარზე მხოლოდ ახლა გამოჩნდა.

Keurig Alta არა მხოლოდ სტანდარტული ფილტრის ყავის მოსამზადებლად შეიქმნა, არამედ ის სრულფასოვანი ესპრესოს აპარატის ფუნქციებსაც ითავსებს. სპეციალური ნემსების სისტემა ყავის დისკოს ხვრეტს, რის შემდეგაც მასში ცხელი წყალი მაღალი წნევით მიეწოდება. ამას ემატება ჩაშენებული რძის სათქვეფიც, რომელიც ცხელ და ცივ ქაფს ამზადებს. ოფიციალური სიის მიხედვით, ახალი აპარატით მომხმარებელს შეუძლია, მოამზადოს: ყავა, ესპრესო, ამერიკანო, ლატე, კაპუჩინო, კორტადო, flat white და ცივი ყავა. საწყის ეტაპზე ხელმისაწვდომი იქნება AltaRounds ექვსი სხვადასხვა კოფეინიანი სახეობა, რომლებიც მოიცავს ღია მოხალვის, საშუალო მოხალვისა და არომატიზებულ ვარიანტებს.

მაღალი ფასი და ჭკვიანი ტექნოლოგია

თითოეულ AltaRound დისკოზე დატანილია კოდი, რომელსაც Keurig Alta მომზადების დაწყებამდე კითხულობს. Intelligent Brew Recognition სისტემა კოდის ამოცნობის შემდეგ ავტომატურად არჩევს მომზადების სტილს, ზუსტ წნევასა და საჭირო ტემპერატურას. შესაბამისად, მომხმარებელს არ სჭირდება ყავის დაფქვა ან დატკეპნა. პროცესის სამართავად და რეცეპტების შესარჩევად აპარატს დიდი სენსორული ეკრანი აქვს. მოწყობილობა Wi-Fi ქსელთან დაკავშირებას უზრუნველყოფს, რათა მომავალში, როდესაც ბაზარზე AltaRounds ახალი გემოები გამოვა, აპარატი შესაბამისი რეცეპტებით განახლდეს.

Keurig Alta coffee machine with plastic-free AltaRounds pucks, photo 1
ფოტო: Keurig

ახალი მოდელი Keurig-ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სამომხმარებლო აპარატია. მისი ფასი 499.99 დოლარია და საწყის ეტაპზე მხოლოდ სპეციალური ნაკრების სახით იყიდება. კომპლექტში შედის მოწყობილობა, მინის ჭურჭელი და ექვსი კოლოფი AltaRounds ყავა. წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია, ხოლო აშშ-ში მიწოდება 21 ოქტომბრიდან იგეგმება. ადრეული წვდომის ლიმიტირებული ნაკრები უკვე გაყიდულია, ოფიციალური საიტის მიხედვით კი, Alta გვიან შემოდგომაზე გამოჩნდება. მყიდველებს სამი ფერის არჩევანი აქვთ: გრაფიტისფერი, ქვიშისფერი და ქვიშისფერი ნაცრისფერი, უჟანგავი ფოლადის დეტალებით.

ფასი 499.99 დოლარი (ნაკრები)
მიწოდება 21 ოქტომბრიდან (აშშ)
ყავის დისკოები AltaRounds, 100% კომპოსტირებადი
სასმელები ყავა, ესპრესო, ლატე, კაპუჩინო და სხვა
დამატებითი ფუნქციები რძის სათქვეფი, ეკრანი, Wi-Fi
ფერები გრაფიტისფერი, ქვიშისფერი, ქვიშისფერი ნაცრისფერი უჟანგავი ფოლადის დეტალებით
Keurig Alta coffee machine with plastic-free AltaRounds pucks, photo 2
ფოტო: Keurig
Keurig Alta coffee machine with plastic-free AltaRounds pucks, photo 3
ფოტო: Keurig

წყარო: The Verge | Keurig Alta