პარ, 18 სექ, 2026
ახალი ინტერაქტიული ქვიზები დაემატა საიტს — შეამოწმე შენი ცოდნა. ნახვა →
ინდუსტრიის სიახლეები

ყოველი მერვე ურთიერთობა LinkedIn-ით იწყება: რატომ იქცა პროფესიული ქსელი პაემნების პლატფორმად

სრული რეზიუმე, სამუშაო გამოცდილება, საერთო ნაცნობები და გადამოწმებული განათლება. აღმოჩნდა, რომ Tinder-ით დაღლილი მომხმარებლები პოტენციური პარტნიორების შესამოწმებლად თუ საპოვნელად სულ უფრო ხშირად...

სრული რეზიუმე, სამუშაო გამოცდილება, საერთო ნაცნობები და გადამოწმებული განათლება. აღმოჩნდა, რომ Tinder-ით დაღლილი მომხმარებლები პოტენციური პარტნიორების შესამოწმებლად თუ საპოვნელად სულ უფრო ხშირად LinkedIn-ს იყენებენ.

პლატფორმას პაემნების ფუნქციონალი არ დაუმატებია და არც გაცნობის აპლიკაციად გადაქცევას გეგმავს, თუმცა მომხმარებელთა ქცევა სულ სხვა რეალობაზე მეტყველებს. Zety-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, აშშ-ში გამოკითხული 1,000-ზე მეტი დასაქმებულიდან ყოველმა მერვემ (12%-მა) რომანტიკული ურთიერთობა სწორედ LinkedIn-ით დაიწყო.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 20% LinkedIn-ს პოტენციური პარტნიორის შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად იყენებს, ხოლო თითქმის ნახევარი (49%) მიიჩნევს, რომ LinkedIn-ის პროფილზე განთავსებული მონაცემები ბევრად სანდოა, ვიდრე Tinder-ისა თუ Hinge-ის ანგარიშები.

სპეციალისტები ამ ფენომენს „dating-ის ლურჯ V-ნიშანს“ უწოდებენ. ეპოქაში, სადაც გაცნობის აპლიკაციებში ყალბი პროფილები და მცდარი ინფორმაცია გახშირდა, LinkedIn-ის რეზიუმე, კარიერული გზა და საერთო კონტაქტები ერთგვარ გადამოწმების ინსტრუმენტად იქცა. მომხმარებლები ცდილობენ გაიგონ, რამდენად ემთხვევა ადამიანის მიერ გაცნობის აპში წარმოდგენილი ინფორმაცია მის რეალურ პროფესიულ ისტორიას.

პოტენციური პარტნიორის პროფილზე ყველაზე მეტ ყურადღებას ფოტოს, ბიოგრაფიას, საერთო ნაცნობებსა და განათლებას აქცევენ. LinkedIn-ის მთავარი უპირატესობა ამ შემთხვევაში სწორედ ის არის, რომ პროფილი ხშირად დაკავშირებულია პროფესიულ გამოცდილებასთან, კოლეგებთან და საჯარო საქმიანობასთან. გარდა ამისა, Resume Templates-ის მონაცემებით, მარტოხელა მომხმარებელთა 92% პირველ პაემანამდე პარტნიორს სწორედ LinkedIn-ზე ეძებს.

მონაცემები თაობების მიხედვითაც განსხვავდება: პარტნიორის ამ ფორმით გადამოწმებას ყველაზე ხშირად მილენიალები (33%) და Gen Z-ის წარმომადგენლები (27%) მიმართავენ. X თაობაში ეს მაჩვენებელი 19%-ია, ხოლო ბუმერებში მხოლოდ 6%. ამასთან, კაცები უფრო ხშირად მიიჩნევენ, რომ LinkedIn-ზე რომანტიკული შინაარსის შეტყობინების გაგზავნა მისაღებია, ვიდრე ქალები.

LinkedIn-ის მიმართ ინტერესის ზრდა იმითაც აიხსნება, რომ ადამიანები გაცნობის აპლიკაციებში ხშირად ეძებენ დამატებით დადასტურებას. პროფესიული პროფილი მათ საშუალებას აძლევს, შეადარონ ფოტო, სამუშაო გამოცდილება, განათლება და სოციალური კავშირები, რათა უკეთ შეაფასონ, რამდენად რეალურია წარმოდგენილი ადამიანი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ LinkedIn თავად გაცნობის სივრცედ აღიქმება.

პლატფორმაზე პირადი ხასიათის შეტყობინებებს მომხმარებლები ერთგვაროვნად არ ხვდებიან: გამოკითხულთა 34% აცხადებს, რომ მსგავსი მიწერ-მოწერა უხერხულობას უქმნის, 19% ასეთ მომხმარებლებს ბლოკავს ან ასაჩივრებს, 31%-ისთვის ეს სიტუაციაზეა დამოკიდებული, ხოლო 16% თავს იწონებს. ამასთან, გამოკითხულთა 65% შიშობს, რომ LinkedIn-ის რომანტიკული მიზნებისთვის გამოყენებამ შესაძლოა მათი პროფესიული რეპუტაცია დააზიანოს.

მომხმარებელთა ამ ქცევას კომპანიის მხრიდან მკაცრი გამოხმაურება მოჰყვა. LinkedIn-ის წარმომადგენელმა Fortune-თან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ პლატფორმა პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარებისთვისაა შექმნილი და არა პაემნების დასაგეგმად.

კომპანიის შიდა პოლიტიკა პირდაპირ კრძალავს არაპროფესიულ, რომანტიკულ ან სექსუალური შინაარსის კონტაქტს. LinkedIn აქტიურად იყენებს მოდერაციის ინსტრუმენტებს არასასურველი შეტყობინებების აღმოსაფხვრელად. კომპანიის პოზიცია ერთმანეთისგან მკაფიოდ განასხვავებს პროფილის გადამოწმებასა და პირდაპირ რომანტიკულ კომუნიკაციას: მომხმარებელს შეუძლია საჯარო ინფორმაციის ნახვა და ადამიანის პროფესიული ისტორიის გაცნობა, თუმცა პირადი შეტყობინებების გამოყენება არასასურველი შეთავაზებებისთვის პლატფორმის წესებს ეწინააღმდეგება.

გასული წლის მეორე ნახევარში პლატფორმიდან 477,000 შევიწროების შემცველი და 80,806 ზრდასრულთა შინაარსის კომენტარი წაიშალა.

ექსპერტები მკაფიოდ მიუთითებენ განსხვავებაზე: საჯარო პროფილის გადამოწმება პირველ პაემანამდე ჩვეულებრივი სიფრთხილის ზომაა, ხოლო LinkedIn-ის პირად შეტყობინებებში არასასურველი რომანტიკული ტექსტების გაგზავნა პლატფორმის წესების პირდაპირი დარღვევაა.

წყარო: SFGATE + Fortune + LinkedIn Policies