ოთხ, 16 სექ, 2026
ახალი ინტერაქტიული ქვიზები დაემატა საიტს — შეამოწმე შენი ცოდნა. ნახვა →
გაჯეტები

476 დოლარიდან: Hisense-ის ახალი E Ink სმარტფონი მაგნიტური ფერადი ეკრანით

476 დოლარიანი საწყისი ფასით Hisense სმარტფონების ბაზარზე სრულიად ახალ და უცნაურ ფორმატს გვთავაზობს. 2026 წლის აგვისტოს ბოლოს ჩინეთში გაყიდვაში გამოვიდა Hisense A10...

476 დოლარიანი საწყისი ფასით Hisense სმარტფონების ბაზარზე სრულიად ახალ და უცნაურ ფორმატს გვთავაზობს. 2026 წლის აგვისტოს ბოლოს ჩინეთში გაყიდვაში გამოვიდა Hisense A10 და A10 Ultra მოდელები, რომლებიც ტრადიციული მობილურებისგან რადიკალურად განსხვავდება და მომხმარებელს ციფრულ დეტოქსსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს შორის საინტერესო ბალანსს სთავაზობს. მოწყობილობის მთავარი კონცეფცია ორი სხვადასხვა ტიპის ეკრანის ერთ კორპუსში გაერთიანებაა, თუმცა არა სტანდარტული, დასაკეცი ფორმით.

მოწყობილობის წინა, ანუ მთავარი ეკრანი 6.13 დიუმიანი შავ-თეთრი E Ink Carta 1300 პანელია. მას 1648×824 გაფართოება და 300 PPI სიმჭიდროვე აქვს, რაც ტექსტის კითხვისთვის იდეალურია და თვალს საერთოდ არ ღლის. ეკრანი 256 დონის ნაცრისფერ გრადაციას აჩვენებს და წინა განათების 36 დონე აქვს, რომლითაც ცივი და თბილი ტონების რეგულირება თქვენი გარემოს მიხედვით მარტივად შეგიძლიათ. იმისათვის, რომ ელექტრონული მელნის ეკრანზე სქროლვა უფრო გლუვი და შედარებით სწრაფი ყოფილიყო, კომპანიამ მთავარ პანელს T2000 კონტროლერის ჩიპი დაუმატა.

მთავარი ინოვაცია და ტელეფონის ეშხი უკანა პანელზე იმალება. Hisense-მა გადაწყვიტა, რომ ფერები და დინამიკური კადრები ცალკე მოდულში გადაეტანა. ტელეფონს აქვს 4.96 დიუმიანი ფერადი LCD მოდული, რომელიც კორპუსს მაგნიტური რგოლისა და ლითონის სპეციალური კონტაქტების დახმარებით მაგრდება. როდესაც მხოლოდ წიგნის კითხვა ან ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა გსურთ, შეგიძლიათ ეს ფერადი ეკრანი საერთოდ მოხსნათ და ტელეფონი მსუბუქად ატაროთ. მაგრამ თუ რუკის გახსნა, სოციალური ქსელების სქროლვა, კომიქსების წაკითხვა, ვიდეოს ყურება ან კამერით სურათის სწორად გადაღება გჭირდებათ, ფერად მოდულს უკანა მხარეს წამებში მიამაგრებთ. A10 Ultra ვერსიაში ეს უკანა ეკრანი ყუთშივე დევს, ხოლო სტანდარტული A10 მოდელისთვის მისი ცალკე შეძენაა საჭირო.

ტექნიკური მახასიათებლების კუთხით, სმარტფონი საკმაოდ მძლავრია თავისი კატეგორიისთვის. მას 4 ნანომეტრიანი, რვა ბირთვიანი Qualcomm QCM6690 პროცესორი უყენია და 5G ქსელის მხარდაჭერა აქვს. ოპერატიული მეხსიერება მაქსიმალურ კონფიგურაციაში 12 GB-მდე ადის, თუმცა საბაზისო ვერსიებში ძირითადად 8 GB RAM-ს ვხვდებით 128 GB ან 256 GB შიდა მეხსიერებასთან ერთად. ტელეფონის წონა უკანა ფერადი მოდულის გარეშე დაახლოებით 190 გრამია, კორპუსში კი 4000 mAh მოცულობის ბატარეაა მოთავსებული.

მოწყობილობის გვერდითა ნაწილზე სპეციალური Ink Smart Button ღილაკია განთავსებული. მისი დახმარებით შეგიძლიათ E Ink ეკრანის სრული განახლება, ხმოვანი ასისტენტის გამოძახება ან რეჟიმების სწრაფი შეცვლა. ფოტოების გადასაღებად უკანა მხარეს 48 MP კამერაა, წინა მხარეს კი 8 MP სელფის კამერა დაგხვდებათ. ტელეფონს ასევე აქვს Wi-Fi, Bluetooth 5.1 და USB-C პორტი.

პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით, მოდელი Android 16-ზე მუშაობს. რადგან ეს ტელეფონი მხოლოდ ჩინეთის ბაზრისთვის არის შექმნილი, მასში Google Play Store არ არის. სამაგიეროდ, სისტემაში უკვე ჩაშენებულია WeChat Reading და სხვა ადგილობრივი აპლიკაციები. მომხმარებლებს თავისუფლად შეუძლიათ სასურველი APK ფაილების ხელით დაყენება, რაც ნიშნავს, რომ Kindle, Libby თუ სხვა საყვარელი პლატფორმა ტელეფონზე უპრობლემოდ იმუშავებს.

რაც შეეხება ღირებულებას, A10 Ultra ვერსიის ფასი 8/128 GB კონფიგურაციისთვის დაახლოებით 476 დოლარიდან იწყება (ჩინურ ვალუტაში 3198 იუანი). უფრო დიდი, 8/256 GB ვერსიის ფასი კი დაახლოებით 576 დოლარს აღწევს. სმარტფონი მხოლოდ ჩინეთში იყიდება და ამ ეტაპზე სხვა ბაზრებზე გასვლა არ იგეგმება.

წყარო: Yanko Design, Good e-Reader