ხელოვნური ინტელექტის ბიზნესში დანერგვა რთული პროცესია, რადგან კომპანიებს ხშირად შესაბამისი პრაქტიკული უნარების მქონე კადრები არ ჰყავთ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად Anthropic-მა 100 მილიონი დოლარის საწყისი ინვესტიციით ახალი სასწავლო პროგრამა, Claude Frontier Academy, დააარსა. პროექტის მთავარი მიზანია, 2027 წლის ბოლომდე 10 000 ინჟინერი მოამზადოს, რომლებიც Claude-ის სისტემებს მსხვილ კორპორაციებში წარმატებით მართავენ. კომპანიის განმარტებით, ეს არის AI ინდუსტრიაში მსგავსი ტიპის პირველი აკადემია, რომელიც მსოფლიოს უდიდეს საწარმოებში Claude-ის დანერგვის რეალურ გამოცდილებას ეფუძნება.
ვინ შეძლებს აკადემიაში მოხვედრას
პროგრამა არ არის ღია ინდივიდუალური მსურველებისთვის და მასში მონაწილეობა მხოლოდ კომპანიის ნომინაციით არის შესაძლებელი. ორგანიზაციები თავად არჩევენ პროგრამული უზრუნველყოფის ძლიერ ინჟინრებს, რომლებსაც დიდ ენობრივ მოდელებთან (LLM) მუშაობისა და სხვებისთვის AI ინსტრუმენტების ათვისებაში დახმარების გამოცდილება აქვთ. AI აგენტების შექმნის წინასწარი ცოდნა სავალდებულო არ არის, თუმცა თითოეული მონაწილე პროგრამაში Claude-ის კონკრეტული პროექტით უნდა მივიდეს, რომელსაც შემდგომში უხელმძღვანელებს. ტრენინგის ღირებულება ამ ეტაპზე საჯარო არ არის. მონაწილეობის კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ორგანიზაციებმა Anthropic-ის ანგარიშების მართვის გუნდს ან პარტნიორ მენეჯერს უნდა მიმართონ.
პირველი ნაკადები და კომპანიები
აკადემიის პირველი ნაკადები უკვე გადიან სწავლებას სან-ფრანცისკოში, ნიუ-იორკსა და ლონდონში. მათ შორის არიან ინჟინრები ისეთი ცნობილი კომპანიებიდან, როგორებიცაა: Accenture, Bain, Capgemini, Deloitte, McKinsey, Morgan Stanley და Novo Nordisk. Commonwealth Bank of Australia-მ 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ მისი საწყისი ჯგუფი 20 ინჟინრისგან შედგება. ბანკის ტექნოლოგიური დირექტორის Rodrigo Castillo-ს თქმით, მათი ინჟინრები AI ინსტრუმენტებს ყოველდღიურად იყენებენ, გასულ წელს კი ზოგიერთმა გუნდმა კოდში 3-ჯერ მეტი ცვლილება შეიტანა.
როგორ მუშაობს სწავლების პროცესი
აკადემიის პირველი პროგრამა, რეზიდენტურა (Frontier Deployed Engineer Residency), ექიმების მომზადების მოდელზეა დაფუძნებული, სადაც მონაწილეები პრაქტიკოსებისგან სწავლობენ, რეალურ შემთხვევებზე ვარჯიშობენ და დამოუკიდებელ მუშაობამდე ფასდებიან. ეს კონკრეტული პროგრამა ახლა ადრეულ წვდომაშია მხოლოდ შერჩეული კლიენტებისა და პარტნიორებისთვის, თუმცა, მოთხოვნის შესაბამისად, Anthropic მის გაფართოებას გეგმავს.

პროცესი 4-დღიანი ინტენსიური ტრენინგით იწყება. სამი დღის განმავლობაში ინჟინრები პირადად მუშაობენ Anthropic-ის ექსპერტებთან და ლიცენზირებულ ინსტრუქტორებთან, რათა სიმულირებული საწარმოსთვის Claude-ის სისტემა ააშენონ. ეს პროცესი მოიცავს ეტაპებს მომხმარებლის პირველი მოთხოვნიდან უსაფრთხოების შემოწმებასა და პროექტის ჩაბარებამდე. მეოთხე დღეს მათ სრულიად ახალ სცენარში აფასებენ. გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, მონაწილეები პირველ სტატუსს, Claude Resident Engineer-ის წოდებას იღებენ.
ამის შემდეგ იწყება 12-კვირიანი ეტაპი. ინჟინრები ბრუნდებიან საკუთარ ორგანიზაციებში და Claude-ის რეალურ დანერგვას ხელმძღვანელობენ. ამ პერიოდში მათ Anthropic-ის ინჟინრები და მენტორები ეხმარებიან. 12 კვირის ბოლოს ტარდება ფინალური პრაქტიკული შეფასება, რის შემდეგაც წარმატებული კანდიდატები Claude Frontier Deployed Engineer-ის სტატუსს მიიღებენ. პირველი ასეთი წოდებები 2027 წლის დასაწყისში გაიცემა.
Anthropic-ის გლობალური ბიზნესის განვითარებისა და პარტნიორობის ხელმძღვანელმა Steve Corfield-მა განმარტა, რომ აკადემია ადამიანებს იმავე მეთოდებით ამზადებს, რომლითაც თავად მათი ინჟინრები სწავლობენ. კომპანიას სურს, რომ კურსდამთავრებულებმა ბიზნესში AI-ს დანერგვის უმაღლესი სტანდარტი შექმნან. ახალი პროგრამა Claude Partner Network-ის ბაზაზე შენდება, სადაც 46 000 ფირმის პროფესიონალებმა უკვე მიიღეს 175 000-ზე მეტი Claude-ის სერტიფიკატი. დამატებით, 4 000-მდე ადამიანმა გაიარა Basecamp-ის პროგრამა. იგი მოიცავს Anthropic-ის Applied AI გუნდების იმავე სასწავლო პროგრამას, რომელსაც ეს გუნდები სამუშაოს დაწყებისას გადიან. ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, 2027 წელს აკადემია სხვა პროგრამებსაც დააანონსებს.
| საწყისი ინვესტიცია | 100 მილიონი დოლარი |
| პროგრამის მიზანი | 10 000 ინჟინერი 2027 წლის ბოლომდე |
| ინტენსიური კურსი | 4 დღე (3 პირადად, 1 შეფასება) |
| რეზიდენტურა | 12 კვირა |
| პირველი სტატუსი | Claude Resident Engineer |
| საბოლოო სტატუსი | Claude Frontier Deployed Engineer |
| ჩართვის პირობა | მხოლოდ კომპანიის ნომინაციით |
| ლოკაციები | სან-ფრანცისკო, ნიუ-იორკი, ლონდონი |

