ონლაინ მაღაზიის აწყობა უკვე აღარ ჰგავს რთულ პარამეტრებში ნავიგაციას ან კოდის ხელით წერას. პროცესი ახლა უფრო მეტად კოლეგასთან ჩვეულებრივ მიმოწერას მოგვაგონებს. Shopify-მა დიზაინის ახალი სამუშაო სივრცე, Canvas, წარმოადგინა, სადაც მაღაზიების მფლობელები ონლაინ მაღაზიებს Sidekick AI აგენტთან უშუალო ჩატით აწყობენ. პლატფორმა მომხმარებლებისთვის მომდევნო დღეების განმავლობაში ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი.
ბევრ სხვა AI დიზაინ-ინსტრუმენტთან შედარებით, მთავარი განმასხვავებელი დეტალი ის არის, რომ Canvas ეკრანზე მხოლოდ სტატიკურ მაკეტს არ აჩვენებს. ის წარმოადგენს მაღაზიის მიღმა არსებული რეალური კოდის ზუსტ რენდერს. მაღაზიების მფლობელები ერთ სივრცეში ხედავენ მაღაზიის ყველა გვერდს, შეუძლიათ დეტალების დაახლოება და სხვადასხვა ზომის ეკრანზე პლატფორმის ტესტირება. ეს პრევიუ გვერდები სრულად ინტერაქტიულია და ანიმაციებს, განსხვავებულ პროდუქტებსა თუ კოლექციებს რეალურ დროში ასახავს.
ცვლილებები რეალურ დროში
მომხმარებლისთვის მუშაობის ორი გზა არსებობს. თუ მაღაზიის მფლობელისთვის კონკრეტული ელემენტის ხელით შეცვლა უფრო მოსახერხებელია, მას შეუძლია, უშუალოდ დააკლიკოს დეტალს და დაარედაქტიროს იგი. მეორე მხრივ, რთული პარამეტრების პანელის მუდმივი გამოყენების ნაცვლად, შესაძლებელია Sidekick-თან პირდაპირი საუბარი. ნებისმიერი მოთხოვნა და ცვლილება რეალურ დროში აისახება.
ამ პროცესში Sidekick სვამს დამაზუსტებელ კითხვებს, გვთავაზობს ალტერნატიულ მიდგომებს და იმახსოვრებს მომხმარებლის პრეფერენციებს. მუშაობის დროს AI იღებს ეკრანის სურათებს, რათა ზუსტად ის დაინახოს, რასაც თავად მომხმარებელი ხედავს. ამ გზით იგი ამოწმებს მის მიერვე დაწერილ კოდს და ცვლილებებს დამოუკიდებლად, უწყვეტ ციკლში ხვეწს, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევს.
Canvas-ის სრულყოფილად ამუშავებისთვის Shopify-მა theme-ის არქიტექტურა მნიშვნელოვნად გაამარტივა. შედეგად, Sidekick-ს theme-ის ფაილებთან პირდაპირი წვდომა მიეცა და მას სტრუქტურაზე, ლოგიკასა და ვიზუალურ დიზაინზე მუშაობა თავისუფლად შეუძლია. Sidekick უკვე აქტიურად გამოიყენებოდა კოდთან, აპლიკაციებსა და theme-ებთან სამუშაოდ. მხოლოდ 2026 წლის პირველ ნახევარში მან theme-ებში 25 მილიონზე მეტი ცვლილება განახორციელა. ახლა კი Canvas ამ შესაძლებლობებს სრულყოფილ, დამოუკიდებელ პროდუქტად აყალიბებს.
ახალი კონკურენტი ბაზარზე
Shopify-ის პროდუქტის დირექტორი და ბრენდ Kotn-ის თანადამფუძნებელი, Ben Sehl, აღნიშნავს, რომ დროის დაზოგვა სიახლის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. მისი თქმით, როდესაც 12 წლის წინ Kotn შექმნა, კოდის წერის ცოდნის მიუხედავად, მაღაზიის პირველადი ვერსიის ამუშავებას ორი კვირა დასჭირდა. დღეს კი, მისი შეფასებით, მეწარმეს Shopify-ზე სრულად მორგებული მაღაზიის აწყობა 20 წუთში შეუძლია. თუმცა, იგი ასევე ამატებს, რომ ისინი ჯერ საწყის ეტაპზე არიან და Canvas არსებულ რედაქტორს ჯერ არ ანაცვლებს.
Shopify-ის დიზაინის დირექტორის, Austin Knight-ის განმარტებით, Sidekick-ისთვის კოდის დაწერის სწავლება მარტივი ამოცანა იყო, თუმცა დიზაინის კუთხით სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში მისთვის მიმართულების მიცემამ საკმაოდ დიდი დრო და ყურადღება მოითხოვა.
Canvas-ის შექმნით Shopify პირდაპირ კონკურენციაში შედის AI-ზე დაფუძნებული საიტების კონსტრუქტორების ბაზარზე, სადაც Wix, Squarespace, Webflow და Framer პოზიციონირებენ. ის ასევე კონკურენციას უწევს Lovable-სა და Replit-ს, რომლებიც ე.წ. vibe-coding მიდგომას იყენებენ. კომპანიის მთავარი მიზანი პირველი მაღაზიის შექმნისას დეველოპერებისა და დიზაინერების აუცილებლობის მნიშვნელოვნად შემცირებაა.
ინსტრუმენტის პირველი ვერსია გარკვეული შეზღუდვებით გამოდის. გაშვების ეტაპზე Canvas მხოლოდ კომპიუტერზე მუშაობს. ამასთანავე, მას ჯერ არ აქვს მესამე მხარის მიერ შექმნილი theme-ების მხარდაჭერა. სისტემაში ასევე არ არის ინტეგრირებული აპლიკაციების ბლოკები და გაფართოებები, Markets, თარგმანები, rollouts და theme-ების განახლებები. თუმცა, Shopify ამ შესაძლებლობების ეტაპობრივად დამატებას სამომავლოდ გეგმავს.



ფოტო: Shopify
წყარო: Shopify | TechCrunch

