ხუთ, 22 ოქტ, 2026
ახალი ინტერაქტიული ქვიზები დაემატა საიტს — შეამოწმე შენი ცოდნა. ნახვა →
ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება

Universal Robots-მა გამოუშვა Gen 7, კობოტების ახალი პლატფორმა AI ეპოქისთვის

ქარხნის მომავალი მხოლოდ რობოტის მექანიკურ მოძრაობაზე აღარ არის დამოკიდებული. შემდეგი ეტაპი ისეთი მანქანების შექმნაა, რომლებიც გარემოს ხედავენ, შეიგრძნობენ და საწარმოს მთლიან სისტემას...

ქარხნის მომავალი მხოლოდ რობოტის მექანიკურ მოძრაობაზე აღარ არის დამოკიდებული. შემდეგი ეტაპი ისეთი მანქანების შექმნაა, რომლებიც გარემოს ხედავენ, შეიგრძნობენ და საწარმოს მთლიან სისტემას შეუფერხებლად უკავშირდებიან. სწორედ ამიტომ Universal Robots-მა ახალი თაობის კობოტების პლატფორმა Gen 7 გამოუშვა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციისთვის თავიდანვე მზადაა.

ახალი პლატფორმის პრემიერა 14 სექტემბერს ჩიკაგოში, IMTS 2026 გამოფენაზე შედგა. Universal Robots-ის ცნობით, Gen 7 ძირფესვიანად გადამუშავებული ეკოსისტემაა, სადაც რობოტის მკლავი, კონტროლერი, პროგრამული უზრუნველყოფა და სამუშაო ინსტრუმენტები ერთიან არქიტექტურაშია მოქცეული.

სამი ახალი მკლავი და ერთი სისტემა

Gen 7 პლატფორმას g-Series-ის სამი ახალი მოდელი დაემატა: UR10g-1750, UR17g-1300 და UR18g-950. დასახელებაში ციფრები პირდაპირ მათ ტვირთამწეობასა და სამუშაო რადიუსზე მიუთითებს. ახალი სერია არსებულ e-Series და UR Series მოდელებთან ერთად Universal Robots-ის კობოტების ხაზს კიდევ უფრო გააფართოებს.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე AI-ready tool flange ტექნოლოგიაა. ის მონაცემთა გადაცემას, კვებასა და უსაფრთხოების ფუნქციებს უშუალოდ ინსტრუმენტის შეერთების წერტილში აერთიანებს, რაც კამერებისა და მაღალი გამტარობის სენსორების მიერთებას ბევრად ამარტივებს. სისტემაში ასევე ჩაშენებულია ძალისა და ბრუნვის სენსორები, impedance control და RTDE კომუნიკაცია.

კომპაქტური კონტროლერი და მეტი სიმძლავრე

Gen 7-ის მთავარი მამოძრავებელი ძალა ახალი CB7 Core კონტროლერია. წინა თაობასთან შედარებით, მისი გამოთვლითი სიმძლავრე 40%-ით გაიზარდა, კორპუსის ზომა კი 30%-ით შემცირდა. ახალი კონტროლერი პირდაპირ უკავშირდება ისეთ საწარმოო ქსელებს, როგორიცაა PLC, HMI, MES, IPC და კომპიუტერული ხედვის სისტემები.

Universal Robots-მა დამატებით TP7 Core teach pendant და SP7 Smart Panel გამოუშვა, რომლებიც ოპერატორებს რობოტების მართვასა და კონფიგურაციაში ეხმარება.

პროგრამული უზრუნველყოფა AI-სთვის

Gen 7-ის პროგრამული საძირკველი PolyScope X ოპერაციული სისტემაა. განახლებული გარემო ღია API-ებსა და ROS 2 კომუნიკაციას უჭერს მხარს, რაც დეველოპერებსა და ინჟინრების გუნდებს ავტომატიზაციის სისტემების აგებისას მეტ მოქნილობას ანიჭებს.

Universal Robots-ის კობოტების ისტორია 20 წელზე მეტს ითვლის და ისინი მსოფლიოს მასშტაბით 100,000-ზე მეტ საწარმოშია დანერგილი. Teradyne Robotics-ის პრეზიდენტის, Jean-Pierre Hathout-ის განცხადებით, AI ეპოქის რობოტები ტექნოლოგიურად ბევრად განვითარებული უნდა იყოს, თუმცა მათი მოხმარება არ უნდა გართულდეს. Will Healy III-მ კი Gen 7 ერთიან ინდუსტრიულ ავტომატიზაციის პლატფორმად შეაფასა.

Universal Robots Gen 7 collaborative robot 1
Universal Robots Gen 7 collaborative robot 2

წყარო: Universal Robots, Machine Design