ელექტრომობილი დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ ეკოლოგიური არჩევანი, რომელშიც აუცილებლად მეტი უნდა გადაიხადოთ. ახალ 3 Series-ში BMW-მ იშვიათი პრეცედენტი შექმნა: ერთი და იმავე კლასის მოდელებს შორის ელექტრო ვერსია საწყისი ფასით ბენზინის ანალოგზე იაფი გამოდის.
2027 წლის ელექტრო BMW i3 50 xDrive-ის ფასი $61,500-დან იწყება, ბენზინის M350 xDrive კი $65,900 ღირს. მიწოდების საფასური არცერთი მოდელის ფასში არ შედის. სხვაობა $4,400-ს შეადგენს, რაც ელექტრო ვერსიას დაახლოებით 6.7%-ით იაფს ხდის.
ორი განსხვავებული პლატფორმა ერთი აუდიტორიისთვის
აქ საუბარი მხოლოდ გაიაფებულ კომპლექტაციაზე არ არის. BMW-მ ელექტრო და ბენზინის 3 Series განსხვავებულ ბაზაზე ააგო: i3 ბრენდის უახლეს შასისა და ტექნოლოგიას იყენებს, ხოლო ბენზინის ვერსია არსებულ, საფუძვლიანად განახლებულ პლატფორმას ეფუძნება. თუმცა ორივე მოდელი მსგავს მყიდველზეა გათვლილი, ერთნაირი სიმძლავრითა და xDrive სრული ამძრაობით.
სამოდელო რიგში უფრო ხელმისაწვდომი ბენზინის ვერსიაც არის: 2027 წლის 330-ის ფასი $49,900-დან იწყება, მისი xDrive ვარიანტი კი $51,900 ღირს. თუმცა ამ მოდელს ელექტრო ანალოგი ჯერ არ ჰყავს, ამიტომ პირდაპირი შედარებისთვის სწორედ i3 50 xDrive და M350 xDrive რჩება.
468 მილი ერთი დამუხტვით
ფასთან ერთად, BMW-ს ელექტრო მოდელის მთავარი კოზირი სავალი მარაგია. სრული დამუხტვით i3 468 მილს გადის. თანაც, კომპანიის თქმით, სწრაფი დამუხტვისას 10 წუთში 208 მილის სავალი მარაგი აღდგება.
შედარებისთვის, წინა თაობის სრულამძრავიანი ბენზინის მოდელები ერთი ავზით დაახლოებით 450 მილს ფარავდა. ანუ ახალი ელექტრომობილი პრაქტიკულობით უკვე იმავე დონეზეა, რასაც მძღოლები წლების განმავლობაში ბენზინის ავტომობილებში აფასებდნენ.
ფასების ახალი რეალობა
ანალიტიკოსები წლების განმავლობაში პროგნოზირებდნენ, რომ ელექტრომობილები ბენზინის ანალოგებზე იაფი 2020-იანი წლების მეორე ნახევარში გახდებოდა. BloombergNEF ამ მოვლენას 2026 წლისთვისაც ელოდა. BMW-ს ახალი წყვილი ერთ-ერთი იშვიათი რეალური მაგალითია, როცა ერთი კლასის EV უკვე შეძენის მომენტში უფრო იაფია.
| პარამეტრი | ბენზინი | ელექტრო |
|---|---|---|
| მოდელი | M350 xDrive | i3 50 xDrive |
| ფასი | $65,900 | $61,500 |
| ფასის სხვაობა | $4,400 | |
| სავალი მარაგი | ~450 mi / tank | 468 mi |
| 10 წუთში დამატებული სავალი მარაგი | 208 mi / 10 min |






წყარო: TechCrunch, ფოტოები: BMW Group PressClub

