Wandercraft-ის Eve FDA-სგან მწვანე შუქს იღებს
სახლში ფეხზე დგომა, სამზარეულოში რაღაცის მომზადება, კბილების გახეხვა ან ადამიანთან თვალის დონეზე საუბარი შესაძლოა ეტლით მოსარგებლე ადამიანისთვის ცალკე შესაძლებლობას ნიშნავდეს. სწორედ ასეთ ყოველდღიურ სცენარებზეა გათვლილი Wandercraft-ის Eve, პერსონალური ეგზოჩონჩხი, რომელმაც აშშ-ში კომერციული გამოყენებისთვის FDA-ს ნებართვა მიიღო.
Wandercraft-ის მიხედვით, Eve მსოფლიოში პირველი თვითბალანსირებადი პერსონალური ეგზოჩონჩხია, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანების მქონე, შესაბამისი კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელი ზრდასრულებისთვისაა განკუთვნილი, დაზიანების ნევროლოგიური დონის მიუხედავად. მთავარი პირობაა, რომ მომხმარებელს მოწყობილობის სამართავი კონტროლერის, ანუ ჯოისტიკის, გამოყენება შეეძლოს.
Eve ეტლის შემცვლელად არ არის შექმნილი. იდეა სხვა ტიპის მობილურობაშია: მომხმარებელს შეუძლია გარკვეული დროით წამოდგეს და გადაადგილდეს ხელების თავისუფლად გამოყენებით. მოწყობილობა ტანზე მორგებულ მყარ ჟილეტს ჰგავს და სხეულზე ტორსის, წელის, ბარძაყების, ფეხებისა და ტერფების სამაგრებით ფიქსირდება. კონსტრუქციაში შედის თავის საყრდენი, ხელის საყრდენები, წინა უსაფრთხოების ბარი და უკანა სახელური.
12 ძრავა თეძოების, მუხლებისა და კოჭების ზონაში მუშაობს, ხოლო ჩაშენებული სენსორები მუდმივად აკონტროლებს წონასწორობას. სწორედ თვითბალანსირება განასხვავებს Eve-ს იმ ეგზოჩონჩხებისგან, რომლებსაც მომხმარებლის დასაბალანსებლად ყავარჯენი ან სასიარულო ჩარჩო სჭირდება.
როგორ მუშაობს
მოწყობილობის მიწოდებამდე სპეციალისტები Eve-ს მომხმარებლის სიმაღლეს, ფეხების სიგრძესა და სახსრების მოქნილობას არგებენ. შემდეგ ჯოისტიკით შესაძლებელია დაჯდომა, წამოდგომა, წინ და უკან სიარული, მოხვევა, გვერდულად გადაადგილება და წონის ფეხიდან ფეხზე გადატანა. მაქსიმალური სიჩქარე უსაფრთხოების მიზნით 0.25 მ/წმ-ით არის შეზღუდული, ხოლო სრულად დამუხტული ელემენტი ოთხ საათამდე მუშაობს.
ელექტროენერგიის დაკარგვის შემთხვევაში ძრავები ითიშება და სამუხრუჭე მექანიზმი მომხმარებელს თანდათან ამცირებს, ნაცვლად იმისა, რომ მოწყობილობა უეცრად დაეცეს. Eve განკუთვნილია მყარ და ბრტყელ ზედაპირზე გამოსაყენებლად. კიბეები, დაქანებები, პანდუსები, სველი ან მოყინული იატაკი, ხალხმრავალი ადგილები და საზოგადოებრივი გზები გამოყენების ზონაში არ შედის.
მომხმარებლის წონა 100 კგ-ს, ხოლო სიმაღლე 1.94 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, მოქმედებს დამატებითი ზომითი შეზღუდვებიც. Eve-ის გამოყენებისას გაწვრთნილი კომპანიონი მუდმივად უნდა იყოს მომხმარებელთან. პროცესი მოიცავს დისტანციურ წინასწარ შეფასებას, კლინიკურ სესიებსა და ხუთსესიან სასწავლო პროგრამას, ხოლო კონკრეტული მოწყობილობისთვის ექიმის დანიშნულებაა საჭირო.
კლინიკური მონაცემები
FDA-ს ავტორიზაციის მხარდამჭერ კვლევაში Kessler Foundation-ისა და James J. Peters VA Medical Center-ის 16 პაციენტისა და კომპანიონის წყვილი მონაწილეობდა. მათგან შვიდს ტეტრაპლეგია, ცხრას კი პარაპლეგია ჰქონდა. მორგებისა და ოთხი სასწავლო სესიის შემდეგ ყველა წყვილმა შეძლო დგომა, სიარული და დაჯდომა სამ წუთში, ასევე ექვსწუთიანი სიარულის ტესტის შესრულება. 16 მონაწილიდან 15 მოწყობილობას 10 წუთზე ნაკლებ დროში ირგებდა, ხოლო მოხსნა ყველამ ამავე დროის ფარგლებში შეძლო.
კვლევაში მონაწილეთა დაახლოებით 69%-მა მიზნობრივ სიარულის სიჩქარეს მიაღწია, ხოლო 87.5%-მა ექვსივე შემოწმებული ყოველდღიური აქტივობა დაასრულა. დაფიქსირდა 17 უსაფრთხოების ინციდენტი, მათგან რვა პირდაპირ მოწყობილობას უკავშირდებოდა, უმეტესად კანის გაღიზიანებასა და კუნთების სპაზმებს. ერთი დაცემა დაფიქსირდა, თუმცა დაზიანების გარეშე.
Wandercraft-მა Eve-ის გაყიდვები აშშ-ში უკვე დაიწყო. ზოგიერთი მომხმარებლის ხარჯებს Medicare, ვეტერანთა ჯანდაცვის სისტემა და მუშაკთა კომპენსაციის პროგრამები ფარავს, სხვა შემთხვევებში კი დაფინანსების ვარიანტებია ხელმისაწვდომი. მოწყობილობის საჯარო ფასი ამ ეტაპზე არ გამოქვეყნებულა. სხვა ქვეყნებში ხელმისაწვდომობის კონკრეტული ვადაც ჯერ უცნობია.




წყარო: newatlas.com, wandercraft.eu, youtube.com

