შაბ, 24 ოქტ, 2026
ახალი ინტერაქტიული ქვიზები დაემატა საიტს — შეამოწმე შენი ცოდნა. ნახვა →
ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება

AI 3.6-ჯერ უფრო სწრაფია: OpenAI საკუთარ ჩიპს ამზადებს Nvidia-ს შესაცვლელად

OpenAI-მ საკუთარი AI ჩიპის, Jalapeño-ს, პირველი შედეგები გამოაქვეყნა და აჩვენა, რომ ახალი ინფრასტრუქტურა ზოგიერთ ამოცანაში Nvidia-ს სისტემებთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებ დაყოვნებას უზრუნველყოფს....

OpenAI-მ საკუთარი AI ჩიპის, Jalapeño-ს, პირველი შედეგები გამოაქვეყნა და აჩვენა, რომ ახალი ინფრასტრუქტურა ზოგიერთ ამოცანაში Nvidia-ს სისტემებთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებ დაყოვნებას უზრუნველყოფს. კომპანიის მიზანია, საკუთარი გამოთვლითი პლატფორმა 2026 წლის ბოლომდე რეალურ წარმოებაში გადაიყვანოს.

Jalapeño OpenAI-ს მიერ შექმნილი სპეციალიზებული ამაჩქარებელია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მოდელების გაშვებას, ანუ inference პროცესს, ემსახურება. კომპანიის განცხადებით, ტესტებში ჩიპმა წამყვან Nvidia-ს სისტემებთან შედარებით 1.7-დან 3.6-ჯერ ნაკლები საბოლოო დაყოვნება აჩვენა.

OpenAI-მ შედეგები InferenceX-ის ტესტებში შეადარა. მაგალითად, GPT-OSS 120B მოდელის გაშვებისას Jalapeño-ს საშუალო დრო დაახლოებით 1.03 წამი იყო, მაშინ როცა Nvidia-ს საცნობარო სისტემამ იგივე ამოცანა დაახლოებით 1.80 წამში შეასრულა.

უფრო დიდი სხვაობა დაფიქსირდა მძიმე მოდელებთან მუშაობისას. DeepSeek R1 670B-ის შემთხვევაში Jalapeño-მ დაახლოებით 1.65-წამიანი შედეგი აჩვენა, Nvidia-ს სისტემის დაახლოებით 5.99 წამთან შედარებით. Kimi K2.5 1T მოდელზე სხვაობა კიდევ უფრო თვალსაჩინო იყო: OpenAI-ს ჩიპმა პასუხი დაახლოებით 1.56 წამში დაამუშავა, Nvidia-ს სისტემამ კი დაახლოებით 5.31 წამში.

კომპანიის განცხადებით, Jalapeño მხოლოდ სიჩქარეზე არ არის ორიენტირებული. ტესტებში ჩიპმა ენერგოეფექტურობის მიმართულებითაც აჩვენა უპირატესობა და ზოგიერთ შედარებაში Nvidia-ს GB200 და GB300 კლასის სისტემებთან შედარებით დაახლოებით 1.5-1.9-ჯერ მეტი სამუშაო შეასრულა თითო ვატზე.

AI ინდუსტრიისთვის მთავარი საკითხი უკვე მხოლოდ მოდელების შექმნა აღარ არის. თანამედროვე სისტემების გაშვება უზარმაზარ გამოთვლით რესურსს მოითხოვს, რაც კომპანიებს Nvidia-ს ტექნოლოგიებზე დიდ დამოკიდებულებას უქმნის. საკუთარი ჩიპის შექმნით OpenAI ცდილობს, მეტი კონტროლი ჰქონდეს როგორც ხარჯებზე, ისე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

Jalapeño-ს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ტოკენებს შორის დროა. ზოგიერთ დატვირთვაზე კომპანიამ დაახლოებით 0.69 მილიწამამდე შემცირებული ინტერვალი დააფიქსირა, რაც AI სერვისებისთვის უფრო სწრაფ რეაგირებას ნიშნავს.

ამ ეტაპზე OpenAI არ აცხადებს, რომ Jalapeño სრულად ჩაანაცვლებს Nvidia-ს ტექნოლოგიებს. თუმცა, საკუთარი სპეციალიზებული ჩიპის შექმნა კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც AI ინფრასტრუქტურის უფრო დამოუკიდებლად მართვაა.

თუ დაგეგმილი გეგმა შესრულდება, Jalapeño-ს წარმოებაში გამოყენება 2026 წლის ბოლოს დაიწყება და OpenAI-ს საკუთარი AI სისტემების მუშაობისთვის ახალი ტექნოლოგიური საფუძველი ექნება.

წყაროები:
https://openai.com/index/jalapeno-first-results/

https://diyai.io/news/openai-jalapeno-chip-inference-latency/

წყარო: openai.com, diyai.io